ცესკო: მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ. კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილია ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში. შეგახსენებთ, რომ ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე, პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიებში, ბათუმში ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, ვინაიდან დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხმის დათვლის პროცედურები განხორციელდება საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით, რაც ბიულეტენების ხელით დათვლას გულისხმობს.

საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნა. უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – 1 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები