სარჯველაძე: ბიბილოვისა და მისი დაჯგუფების განცხადებებს, ნამოქმედარს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს
ბიბილოვისა და მისი დაჯგუფების განცხადებებს, ნამოქმედარს, აქტებსა და აქტივობებს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა, რაზეც მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება.
“მთელი ცივილიზებული სამყაროს პოზიციაა, რომ საქართველოს ფაქტობრივი ოკუპანტი რუსეთის ფედერაციაა. ეს დადასტურდა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით. ანატოლი ბიბილოვი და მისი დაჯგუფების წევრები არიან დე ფაქტო და არა – დე იურე ხელისუფლება. მათ დე იურე განცხადებებს, ნამოქმედარს, აქტებსა და აქტივობებს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება რუსეთის კავშირებს, ეს არის ძალიან ცუდი და მცდარი ნაბიჯი. იმ არასწორი ხაზის გაგრძელება, რაც დიდი ხნის წინ დაიწყო და გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაციით, ანექსიით. ბუნებრივია, ამას ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge