ჯასტინ ტრუდო: “დიდ ოცეულში” პუტინის ადგილი არ არის
კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, “დიდი ოცეულის” ქვეყნების შეხვედრაში რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობას უნდა გადახედონ.
ამის შესახებ CBC წერს.
„როცა საქმე ეხება მაგიდასთან, ჩვენთან ერთად, ვლადიმერ პუტინის ყოფნას, ეს ჩვენთვის ძალიან რთული გახდება და G20-ისთვის არაპროდუქტიული. ეს არ შეიძლება, იყოს ჩვეულებრივი რამ, როდესაც ვლადიმერ პუტინი ზის მაგიდასთან და თავს იკატუნებს, თითქოს, ყველაფერი რიგზეა. იმიტომ რომ, ეს ასე არ არის და ეს მთლიანად მისი ბრალია,” – თქვა ტრუდომ.
კანადის პრემიერი განმარტავს, რომ G20-ის ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რუსეთის მონაწილეობით თავის ამოცანას უბრალოდ ვერ შეასრულებს.
„აი, ამჟამად, რუსეთმა უკრაინაში შეჭრით, შეაფერხა მთელი მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა და არ შეიძლება, ის იყოს კონსტრუქციული პარტნიორი“, – დასძინა მან.
G20-ის შემდეგი სამიტი 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში გაიმართება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი სამიტში მონაწილეობას აპირებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge