„დედიკო, რატომ არის ომი?“ – სამშვილიანი ოჯახი, რომელიც გადარჩა და მარიუპოლი დატოვა
„ჩვენ ცოცხლები ვართ. 16 მარტს სასწაულებრივად დავტოვეთ მარიუპოლი. თქვენი ლოცვებით… შეგვიკედლა კეთილმა კაცმა, სახელად – საშამ. სლავა და ბავშვები ტყეში საკვების მოსაპოვებლად წავიდნენ. ვცდილობთ მოვიფიქროთ, როგორ მივაღწიოთ ზაპოროჟიამდე. მჯერა, რომ ჩემი ახლობლები ცოცხლები არიან,“ – დაწერა სოციალურ ქსელში 33 წლის მაშა ადამანოვამ, სტილისტმა მარიუპოლიდან, რომელმაც დანგრეულ და განადგურებულ ქალაქს თავი დააღწია.
მისმა ოჯახმა 24 დღე გაატარა მეზობლის ბინაში გაზის, შუქისა და წყლის გარეშე; სარდაფში, სადაც 40 ადამიანი იყო. მაშა, თითქმის, არ მოშორებია თავის სახლს, რათა სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნა. მას რომ რამე მოსვლოდა, მისი ვაჟი, 8 თვის ვლადიკი, რომელიც ბუნებრივ კვებაზეა, უბრალოდ, საჭმლის გარეშე დარჩებოდა.
16 მარტს, „მწვანე დერეფნის“ გამოცხადების გარეშე, მაშას ოჯახმა გადაწყვიტა მარიუპოლი დაეტოვებინა. მან, მისმა სამმა შვილმა და ქმარმა გადარჩენა მოახერხეს. ახლა ისინი ახალ საცხოვრებელს და ნათესავებს ეძებენ იმ იმედით, რომ ისინი ცოცხლები არიან.
***
„მე მარიუპოლში დაბადებიდან ვცხოვრობდი, 1988 წლიდან, ახლა კი, 33-ის ვარ.
აქ დავდიოდი საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტსა და სამსახურში. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. ბოლო წლებში ის შეიცვალა. ადამიანები მარიუპოლის ისტორიით დაინტერესდნენ, დაიწყეს ძველი შენობების რესტავრირება, ახალი ტურისტული მარშრუტების ძებნა. ჩვენ წყლის ავზი გვაქვს ქალაქის ცენტრში და მისი რესტავრირება მოახდინეს. მიუხედავად ქარხნებისა, რომლებიც ატმოსფეროს აბინძურებენ, ქალაქი მაინც მწვანეა.
ჩვენ გვაქვს ზღვა, 2014 წლის ომამდე ბევრი დამსვენებელი გვყავდა, შემდეგ კი, ყველაფერი უკან წავიდა. ზღვა, ქარხნის გამო, გამუდმებით იწამლება, მაგრამ ადამიანები მაინც ჩამოდიოდნენ მარიუპოლში და ახლომდებარე დასახლებებში.
ბავშვობა გავატარე მარიუპოლის პარკ „თვითმფრინავში“, რომლისგანაც ახლა თითქმის არაფერი დარჩა. დღეს ფოტო ვნახე. ფოტოს ნაწილზე სახლი ჩანს, სახლი, რომელშიც მე გავიზარდე – იქ ფანჯრები აღარ იყო, მაგრამ ძალიან კარგი ამბავი გავიგე – დედა და ბებია ცოცხლები არიან. ისინი სარდაფში აფარებენ თავს. ბებია 87 წლისაა. ის თითქმის არ დადის. კეთილმა ადამიანებმა ხელში აიყვანეს და ისე ჩაიყვანეს სარდაფში. არ ვიცი, აქვთ თუ არა მათ საკვები და სასმელი. ვეძებ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ისინი იქიდან გამოვიყვანო.
კიდევ ერთი ბებიის შესახებ, რომელიც დრამატურგიულ თეატრთან ცხოვრობს, არაფერი ვიცი. ის 86 წლისაა, მეხუთე სართულზე ცხოვრობს და სუსტი გული აქვს. პერიოდულად მაკანკალებს ხოლმე, მაგრამ ვუყურებ ჩემს თავს და ვხვდები, რომ თავი კარგად მიჭირავს – ვფიქრობ, ეს ბავშვების გამო ხდება. მე მათ ვჭირდები. არ მაქვს დრო, რომ ხელები ჩამოვუშვა.
***
პირველად აფეთქების ხმები 23 თებერვალს გავიგეთ. მე და მეუღლემ შვილები ბინის მეორე მხარეს დავაწვინეთ, აღმოსავლეთიდან დასავლეთ ნაწილში გადავიყვანეთ, მაგრამ როგორც კი ეს გავაკეთეთ, აფეთქებების ხმა მეორე მხრიდან მოისმა. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დილის 4 საათზე ფოიერვერკი გაეშვა.
უკვე 24-ში მეუღლემ გამაღვიძა სიტყვებით: „კიევში სროლაა“. ზუსტად იმ დღეს მეგობრებთნ უნდა წავსულიყავით სტუმრად ირპენში. ბილეთები გვქონდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ აღარ წავიდოდით. სინამდვილეში, მარიუპოლში ისეთი განწყობა იყო, რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდებოდა. 21-ე საუკუნეა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანებს საუბარი შეუძლიათ!
ყოველდღე მქონდა შეგრძნება: „აი რამდენიმე დღეც და ყველაფერი კარგად იქნება“, „ხომ უნდა არსებობდეს რაიმე გამოსავალი!“, „იქნებ, მწვანე დერეფანი მაინც?“, „იქნებ, რამე მაინც… “. ეს გაწელილი მოლოდინი გითრევს. ომის დაწყების შემდეგ ჩვენ მეზობელთან გადავედით საცხოვრებლად მეორე სართულზე, ვინაიდან ჩვენ მეხუთეზე ვცხოვრობდით. ეს ძალიან მაღლა და ძალიან საშიში იყო. ჩვენი სახლი პირდაპირ სამშობიაროს წინ დგას, სადაც ბომბი ჩამოაგდეს. ამ დროს ჩვენ სამზარეულოში ჩაის დალევას ვაპირებდით, რომელიც მეზობელმა ცეცხლზე გააცხელა – მაშინ გაზი უკვე აღარ იყო. ფანჯარაში გვერდულად დავინახე ნათება. მოვასწარი მეთქვა – „დაწექით!“. უფრო სწორად, ვერ მოვასწარი. აფეთქების ტალღამ ყველა ძირს დაგვცა. დავარდა ვლადიკი, ჩემი 8 თვის შვილი, ზედ დაეცა იაროსლავი, ხოლო მათ – ვიქტორია, მეზობელი. ჩაიმსხვრა ფანჯრები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიმაგრებული იყო.
თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს შესაძლოა ავიადარტყმა ყოფილიყო, აქამდე მხოლოდ „გრადები“ ცვიოდა. უფროს ბავშვებს – ისინი 8 წლისანი არიან – 2014 წლის გამოცდილებით, ვასწავლე, რომ ასეთ ვითარებაში უნდა გაიქცნენ უსაფრთხო ადგილას – მზიდ კედელთან. ჩემმა მესამე შვილმა, რომელიც სხვა ოთახში იყო, ასეც გააკეთა. ის იატაკზე დაწვა, თავზე ხელები დაიფარა და პირი გააღო. შემდეგ იარიკიც ასე მოიქცა. ვიქტორია აბაზანაში შევარდა. მე ვლადიკი ავიყვანე, ვიფიქრე მოვასწრებდი გაქცევას, მაგრამ ზუსტად ამ დროს ჩამოაგდეს მეორე ბომბი და მე კედელს შევეჯახე, ძირს დავეცი. როგორღაც, შვილებთან მივღოღდი და იქ ვიცდიდით, სანამ ვითარება ჩაწყნარდებოდა.
ფანჯრების ჩამსხვრევის შემდეგ ჩვენ სარდაფში გადავედით საცხოვრებლად. იქ, დაახლოებით, ერთი კვირა ვიცხოვრეთ. იყო წყნარი ღამეებიც, მაგრამ ამის პროგნოზირება შეუძლებელია. როგორც წესი, შენ გძინავს, უცებ აფეთქების ხმა ისმის და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შენს ყურთან ააფეთქეს საშინელი მაშხალა.
ბავშვები ძალიან ჭკვიანად იქცეოდნენ – მათ თავი ხელში აჰყავდათ. მაგრამ, ახლა მათ ბევრი კითხვა აქვთ, რაზეც მე პასუხები არ გამაჩნია: „დედა, რატომ არის ომი?“
***
სარდაფში დაახლოებით 40 ადამიანი ვიყავით. ყველა ერთ მუშტად იყო შეკრული, ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. მეზობელს დაბადების დღე ჰქონდა და სიმღერაც ვუმღერეთ. საჭმელი გვქონდა. მე დიდი ოჯახი მყავს, სამი შვილი, ამიტომ მომარაგება ყოველთვის ჩვევად მქონდა. როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, ჩემი მეუღლე და მეზობელი ბაზარში წავიდნენ, ბევრი პროდუქტი იყიდეს.
როდესაც შუქი გამოირთო, ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ამინდი – ყინვა იყო, პროდუქტები აივანზე შევინახეთ. როდესაც გაზი წავიდა, საჭმელს ცეცხლზე, ეზოში ვამზადებდით. მაყალი მოვაწყვეთ, სახლის გაზქურიდან ბადე ავიღეთ და ასე ვამზადებდით საჭმელს. ყოველ დილით, 6-7 საათზე, როდესაც კომენდანტის საათი მთავრდებოდა, მამაკაცები გარეთ გამოდიოდნენ, ანთებდნენ ცეცხლს, აცხელებდნენ წყალს და ამზადებდნენ, სანამ სიჩუმე იყო. როგორც კი სროლის ხმას გაიგებდნენ – ეგრევე ყველა თავშესაფარში შემოდიოდა.
დროთა განმავლობაში, ხალხი, ალბათ, შეეგუა ყველაფერს.
„მწვანე დერეფანს“ ძალიან დიდხანს ველოდით, მაგრამ კავშირი არ იყო, რაიმე ინფორმაცია რომ შეგვეტყო. ხალხი კოლონებს თვითნებურად აწყობდა. ჩვენ დილით, 16 მარტს წამოვედით ჩვენი მეზობლის მანქანით – 9 ადამიანი ვისხედით და 2 შინაური ცხოველი. „დერეფანი“ ოფიციალურად არ იყო გამოცხადებული. მანამდე სახლში ავედი რაღაც ნივთები რომ ამეღო და ფანჯრიდან დავინახე უამრავი დანგრეული, განადგურებული სახლი. უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი.
ვნანობ, რომ ბინიდან ფოტოები არ წამოვიღე, მხოლოდ ბავშვების სამი ფოტო, რომელიც ჩარჩოში მქონდა ჩასმული. ნივთები ისედაც შეგროვებული გვქონდა.
მანქანის ფანჯრებიდან დალეწილი ფანჯრები ჩანდა, აფეთქებული ნაღმები. ჭურვები იქ ეყარა, სადაც ჩემი შვილები მანამდე თამაშობდნენ და დადიოდნენ. ვუყურებდი ქალაქს და თავი „მებრძოლთა კლუბში“ მეგონა. ამ ფილმში არის მომენტი, როდესაც წყვილი დგას და უყურებს, როგორ ნადგურდება ქალაქი.
დერეფნის გარეშე წასვლა საშიში იყო, მაგრამ როდესაც გზად კიდევ რამდენიმე მანქანა შეგვხვდა, გაცილებით ადვილი გახდა. ცოტა საცობიც კი შეიქმნა. ყველა თეთრი ლენტებით გადაადგილდებოდა.
რუსული ბლოკპოსტები არ იყო, მაგრამ ისინი, ვინც ჩვენს შემდეგ, 17 მარტს წამოვიდნენ, ჰყვებიან, რომ ისინი იყვნენ.