გიორგი ვოლსკი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მის შესაძლო გავლენებს საქართველოზე.

შეხვედრაზე ზბიგნევ რაუსმა ხაზი გაუსვა ეუთოს ძალისხმევას, რომ საქართველოს თემა მუდმივად იყოს ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის დღის წესრიგში.

„ვისაუბრეთ ასევე უკრაინის თემაზე, როგორც ერთ-ერთი გამოვლინებაზე იმ აგრესიისა, რომელიც 2008 წლიდან და კიდევ უფრო ძველი პერიოდიდან გრძელდება. აღვნიშნეთ, რომ საქართველო პრაქტიკულად არის უკრაინის შემდეგ საფრთხის ზონაში მყოფი ქვეყანა რუსეთის აგრესიის პირისპირ და ასევე იყო ძალიან მყარი და მკაფიო პოზიცია გამოხატული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ საქართველოს მუდმივად ექმნება საკმაოდ აქტიური მხარდაჭერა როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციაში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრას, პირველ ვიცესპიკერთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ეკა სეფაშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კი თეონა აქუბარდია და თინათინ ბოკუჩავა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები