“მიყვარდა და მორჩა!“ ანუ წიგნებით გამოჭედილი სახლის სურნელი

ლია მეტრეველი, გამომცემლობასაქწიგნისდირექტორის მოადგილე, განათლებული და სასიამოვნო ქალბატონი, მის ცხოვრებაში ყოველი ახალი წიგნი განსაკუთრებული მოვლენაა, გარშემომყოფებს მათ  ყოველთვის ხმამაღლა უკითხავდა. ყველა სუნამოზე საუკეთესო სურნელად კი წიგნებით გამოჭედილი სახლის სურნელს მიიჩნევს. “პერსონაშისაუბრობს კითხვაზე, სიყვარულსა და ცხოვრებაზე, რომელიც თვითონაა ერთი დიდი წიგნი

 

ქალბატონო ლია, ამ საუკუნემ ცხოვრებაც და ცოცხალი ურთიერთობებიც ადამიანის მიერ გამოგონილ სამყაროში მთლიანად გადაიყვანა. როგორ ფიქრობთ, ამის გამო სულიერება მეორე პლანზე ხომ არ გადავიდა?1903101_699803553384143_1640995704_n
– დიახ, რაღა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა, ეს მხოლოდ ჩვენი საუკუნის დამახასიათებელი არ არის, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში – ქვის ხანიდან დღევანდლამდე ასე იცვლებოდა სამყარო. ადამიანები გარეგნულად უფრო დახვეწილები ხდებოდნენ, გონერივად ვითარდებოდნენ, მაგრამ მათი სულიერი წყობა, სამყაროს აღქმის, სიყვარულის, სიძულვილის, განცდის, გახარებისა და წყენის ინსტიქტები დიდად არ შეცვლილა. ადრე წერილებით ვემეგობრებოდით ფოსტისა და ფოსტალიონის მეშვეობით. ახლა ამ ყველაფერმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, თითქოს სამყარო დაპატარავდა და ყველა ყველას მეგობარი გახდა. ყველას განცდები: სიხარული და ტკივილი შეაერთა. მე და, ვთქვათ, მარსია პონს დე ლეონე კრისტოფი (ჩემი შვილების მეგობრები არიან შვეიცარიიდან) ერთად ვიზიარებთ რაღაც ახალი წიგნის გამოსვლის სიხარულს, კარგი პიანისტის გამოჩენით მიღებულ სიამოვნებას, დმანისში ახალი აღმოჩენებით გაკვირვებას. დამეთახმებით, ეს ცუდი არა არის, ტექნიკამ ის შეძლო, დილით რომ საქართველოში ჩაჯდები თვითმფრინავში, საღამოს ევროპის, აზიის, სადაც გნებავთ, ამერიკის ყველაზე შორეულ ადგილას გადაეხვევი ახლობელს. ეს მომწონს, რადგან სულიერი წყობით პროგრესის, სიახლისა და კომფორტის მოყვარული ადამიანი ვარ…
წიგნის კითხვას, რომელსაც თავისი განუმეორებელი რიტუალი ახლავს, რატომ გადაეჩვია ადამიანი?..
– იცით? წეღან გითხარით, პროგრესის მომხრე ვარ- მეთქი, მაგრამ ვაღიარებ, ადრე მქონია ისეთი განცდა, რომ მიფიქრია, ამას ვერ მივიღებ-მეთქი… მახსოვს, პირველი კომპიუტერი მაშინ ძალიან იშვიათი, უფრო ზუსტად, უიშვიათესი იყო, ჩემს შვილს, სულხან მეტრეველს, წარჩინებული სწავლის გამო მწერალმა და კრიტიკოსმა, ოჯახის მეგობარმა თამაზ წივწივაძემ აჩუქა. აქვე გეტყვით, რომ ბატონი თამაზი გამოირჩევა ამ უიშვიათესი თვისებით, თუ რამ გააჩნია, უყვარს მეგობრებისა და ახლობლების გახარება. ჩვენ გამონაკლისები არ ვყოფილვართ. დიდხანს მაღიზიანებდა კომპიუტერის ხმა, სულხანმა მაუსით ისრის მიყვანაც მასწავლა. მერე ისე შემოვიდა ეს ყუთი ჩვენს ცხოვრებაში, რომ ახლა მასთან ერთად ვიღვიძებთ და ვიძინებთ… მოგვიანებით აიპედი შემოვიდა და ამასაც ირონიულად შევხვდი. ახლა კი მეც ხშირად ვეძებ ამ პატარა ვირტუალურ ელექტრონულ წიგნში საინტერესო ავტორებსა და ნაწარმოებებს. ასე, რომ ყველაფერს თავისი ღირსება და ნაკლი აქვს. სამაგიეროდ, ვერ შეველევი და ვერც შეველევი (კაცობრიობაც ვერ შეელევა) წიგნებით გამოჭედილ სახლსა და თაროებს, წიგნების სუნს… კარს რომ შევაღებ და რაღაც განსაკუთრებული, ყველა სუნამოზე უკეთესი სუნი გეცემა, – წიგნების სუნი… კარგია, არა? ჩემი ყველა ლექცია (ხუთ საგანს ვკითხულობდი კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში) ასე იწყებოდა – ათი წუთი წიგნების მიმოხილვას,  ლიტერატურაში ახალ აღმოჩენებს ეთმობოდა, – ამ წესს მეც და ჩემი სტუდენტები  რიტუალივით ვასრულებდით.
ქალბატონო ლია, გაიხსენეთ, ბავშვობის წლები, როცა, დარწმუნებული ვარ, წიგნთან იმ დროიდან მეგობრობდით1903349_699803653384133_2122073819_n
– ადამიანს ადრეული ბავშვობიდან მხოლოდ გამორჩეული, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები გახსოვს.. ზუსტად ასეთ გამორჩეულ მოვლენად დარჩა მეხსიერებაში დედის მოტანილი ფერად-ფერადი ნახატებით მოჩითული მუყაოს კოლოფი, რომელშიც ერთმანეთზე მიწყობილი ათიოდე წიგნი იყო. მათ ნაკლებობას ჩემი სახლი არასოდეს განიცდიდა, მაგრამ მეხსიერებას წარუშლელად მაინც ის ათიოდე წიგნი დარჩა, და კიდევ ძილ-ბურანში მოსმენილი ,,ნაცარქექია“ და ,,ასფურცელა“. მერე იყო სურამის პირველი საშუალო სკოლის ჩემი ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი,- ლილი ბექაია, კარგა ხანს მეგონა, რომ მხოლოდ მე მყავდა ასეთი კარგი მასწავლებელი. ბავშვობისდროინდელი ჩვევები ახლაც არ მოვიშალე. ჩემს საწოლთან მუდმივად ხუთი-ექვსი ახალი წიგნი დევს. ყოველთვის განწყობის მიხედვით ვკითხულობდი და ახლაც ასეა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, კითხვის ტემპი შევამცირე… საყვარელი და გამორჩეული წიგნები კვლავ საყვარელ წიგნებად დარჩა. ერთი ჩვევა მაქვს: როცა წიგნში რაღაც მომწონს, ვინც კი ამ დროს ჩემთანაა, მას ხმამაღლა ვუკითხავ ხოლმე. ასე ვკითხულობდი წიგნებს 90-იანი წლების იმ ცივ, უშუქო ღამეებში… მერე აღმოჩნდა, რომ ჩემმა შვილმა ყველა ავტორი ისე იცოდა, მათი წიგნი წაკითხულიც არ ჰქონდა.. თუმცა გავიდა დრო და დღეს სულხანს იმდენი წიგნი აქვს წაკითხული, რომ იქით ვეკითხები: რა ხდება ქართულ მწერლობაში- მეთქი…
ქალბატონო ლია, თქვენ არქივში იმ დროს მუშაობდით, როცა იქ გარკვეული იდეოლოგიური აკრძალვები არსებობდა
– მახსოვს ის დრო, როცა არქივი ის-ის იყო გაიხსნა და კომუნისტები უკვე ნაკლებად აკონტრიოლებდნენ იმას, თუ ვინ რას კითხულობდა. ერთ დღესაც ხელში პასტერნაკის, რილკესა და ცვეტაევას მიმოწერა ჩამივარდა. წიგნი ორ დღეში უნდა დამებრუნებინა, ამიტომ მას სამსახურში, ,,საქწიგნში“ ვკითხულობდი, წიგნი მუხლებზე მედო. თანამშრომლები ერთად ვისხედით… გრძელი დერეფნის ბოლოს ჩემი მეგობარი ინგა კუბლაშვილი იჯდა, ისიც ხალხით გადაჭედილ ოთახში. ვკითხულობდი და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, დავიმახსოვრებდი რაღაცას, გავვარდებოდი ოთახიდან და, რადგან ხმამაღლა აკრძალული იყო, ინგას ჩურჩულით ვეკითხებოდი: რას იტყვი ქალზე, რომელიც კაცს წერს, შენთან ძილი მინდაო? მეგონა, რომ ჩურჩულით ვეკითხებოდი, მაგრამ მისი მაგიდა რაიონული გაერთიანების მაგიდასთან იყო მიდგმული. ის დირექტორი, აწ გარდაცვლილი მერი ცინცაძე გახლდათ, თურმე ყველაფერი ესმოდა და, ვიდრე ინგა რაიმეს მიპასუხებდა, ქალბატონმა მერიმ დაასწრო და ხმამაღლა მითხრა: “ ლია, ჩემო კარგო, ბოზი ყოფილა ეგ ქალი!“,- მახსოვს, ამ ამბავზე ,,საქწიგნის“ თანამსრომლები მთელი დღე ხარხარებდნენ….
წიგნზე ვსაუბრობთ და, ბუნებრივია, დოჩანაშვილის მოთხრობა ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდამახსენდება, თქვენ თუ ხართ კარცერ ლუქსის მომხრე?1624158_699803476717484_836666108_n
 – კარცერი, რამდენადაც ვიცი, ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ოთახს, სადაც მარტო კეტავდნენ ადამიანს და რევოლუციამდელ რუსეთში მოსწავლეების დასასჯელად იყენებდნენ. ლუქსი კი უკვე ფუფუნებაა და სინათლე. სინათლე ოთახში , – კი, კარცერი ლუქსია. და რა უნდა მქონდეს სინათლით სავსე ოთახის საწინააღმდეგო?… მიუხედავად ფინანსური სიდუხჭირისა, რასაც ჩვენმა ქვეყანამ თავი ვერ დააღწია, ადამიანები მაინც შვილების განათლებასა და გონებრივ განვითარებზე ზრუნავენ და დაზოგილი თანხით ბავშვებისთვის წიგნებს ყიდულობენ. სხვათა შორის, მე მხარი არ დავუჭირე მეგობარ გამომცემლობებს, კარგ ადამიანებს მაშინ, როცა მათ უფასო სახელმძღვანელოების პროექტი გააპროტესტეს. მართალია, ამით მათ გული ვატკინე, მაგრამ საკუთარ თავთან მართალი ვიყავი…
თქვენი ცხოვრების წიგნი რომ დაიწეროს,- რა ჟანრის იქნებოდა ის?
– რაიმე სერიოზული რომ დამეწერა, ალბათ ლირიკას მივანიჭებდი უპირატესობას. არ ვიცი, რატომ და მაღლა ცქერა მიყვარს, მაღალა რა ხდება, ის მაინტერესებს: როგორ ამოდის მზე? როდის მოფრინავენ მერცხლები და უკან როდის მიფრინავენ. ერთი სიტყვით, ცაზე რა ხდება ვერავინ გამომაპარებს.. ამიტომაც ფრენაზე ვგიჟდები… ცხოვრება ერთი დიდი წიგნია, ცხოვრებაში სასწაული უნდა მოახდინო, რომ მერე ყველაფერი წიგნად აქციო, აქ, მიწაზე უნდა გიყვარდეს, ზეცაში ,,ვეფხისტყაოსანი“ რომ დაწერო… დედამიწაზე უნდა განიცადო ერთგულება და ღალატი,- რომ ქრისტესა და იუდაზე ლეგენდა შექმნა, – ამ შემთხვევაში ლაგერკვისტს ვგულისხმობ…
თქვენი მეუღლე, ბატონი თემურ მეტრეველი საოცარი ადამიანი იყო, მასთან დაკავშირებული ერთი ლამაზი მოგონება გაიხსენეთ...1899017_699803380050827_1559575152_n
– ის, მართლაც, გამორჩეული ადამიანი იყო.. მასთან ერთად 25 ბედნიერი წელი ვიცხოვრე, ვიდრე ცოცხალი იყო, რატომღაც ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნდა ის, რომ კარგი ქმარი, მამა და მეგობარი, გამორჩეული ჟურნალისტი და მოაზროვნე იყო… მახსოვს, შეყვარებულები რომ ვიყავით, ულამაზეს წერილებს მიგზავნიდა, რომლებიც ფოსტალიონს მოჰქონდა, ხანაც ჩვენს რომელიმე მეგობარს, ხან კი სულაც მეორე ოთახში ვიყავი და ჩვენი მეგობარი, ვთქვათ, დათო ჭელიძე თემურის წერილს მომიტანდა ხოლმე. გაინტერესებთ, როგორს? მაგალითად, ნაწყვეტს სერვანტესის დონ კიხოტის დულსინეასადმი მიწერილი წერილიდან და ბოლოს მიაწერდა: თვითონ დაამთავრე,- „მიყვარ“…. ერთმა მწერალმა მისი სიკვდილის მერე მითხრა: შენ მან ფიზიკურად დაგტოვა, თორემ სულიერად თან გაგიყოლაო… დავეთანხმე… მართლაც, არ იყო იოლი ასეთი კაცის გავლენისგან თავის დახსნა… არც მიცდია. მის უპირატესობებს უპირობოდ ვაღიარებ: მიყვარდა და მორჩა!…
თქვენი შვილი მსოფლიოში ყველაზე კომფორტულ ქვეყანაში შვეიცარიაში ცხოვრობს...
– ჩემი შვილი სულხან მეტრეველი უკვე 13 წელია თავის ლამაზ ოჯახთან ერთად ულამაზეს ქალაქ ციურიხში კანონიერად ცხოვრობს. მისი მეუღლე ანი მარგველაშვილი ხარისხს იცავს, პატარა მერი – ნიკოლი უნივერსიტეტის ბაღში დადის… დღესაც არ ვკარგავ იმედს, რომ ჩემი შვილი იმ დაუთოებულ -დავარცხნილი, ზედმეტად წესიერი ქვეყნიდან მაინც თავის სახლში დაბრუნდება. ჩემი ქვეყნის წესიერ ქვეყნად ქცევა ჩემი სულიერი კომფორტის საწინდარი გახდება…

 თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები