აშშ-ის სენატში კანონპროექტი მომზადდა, რომ რუსი ბიზნესმენების ქონება უკრაინის აღდგენას მოხმარდეს

ამერიკელი სენატორები კანონპროექტის წარდგენისთვის ემზადებიან, რომ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონებიდან მიღებული თანხები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და ქვეყნის აღდგენის ფონდში იყოს მიმართული.

ამის შესახებ Axios-სთვის გახდა ცნობილი.

კანონპროექტის ინიციატორები კოლორადოს შტატიდან დემოკრატი სენატორი, მაიკლ ბენეტი და ოჰაიოს შტატიდან რესპუბლიკელი სენატორი, რობ პორტმანი არიან.

როგორც პორტმანმა თქვა, „უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილების ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის – მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. დახმარების ერთ-ერთი გზაა – რუსი ოლიგარქებისა და მდიდარი მოქალაქეების აქტივების გაყინვიდან მათი აქტივების კონფისკაციაზე გადასვლა. შემდგომ კი, მიღებული თანხების უკრაინელი ხალხისთვის მიწოდება”.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი ვლადიმერ პუტინს და ოლიგარქებს აიძულებს გადაიხადონ ფასი და მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს მრავალი წლის განმავლობაში „განსახლების, აღდგენის და რეკონსტრუქციის საკითხში”.

უკრაინაში შეჭრის გამო, თებერვლის ბოლოდან დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყეს. შემაკავებელი ზომები ფინანსურ და სამრეწველო სექტორებს შეეხო, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს, ასევე, ცალკეულ პოლიტიკოსებს, ოფიციალურ პირებსა და ბიზნესმენებს.

ევროკავშირის სანქციები, მათ შორის, შეეხო: ალექსეი მორდაშოვს, მიხაილ ფრიდმანს, ალიშერ უსმანოვს, პეტრე ავენს, გენადი ტიმჩენკოს, იგორ სეჩინს, ნიკოლაი ტოკარევს და პეტრე ფრადკოვს.

9 მარტს ევროკავშირმა სანქციების სია გააფართოვა და მასში კიდევ 14 რუსი მეწარმე და კომპანიების ხელმძღვანელი შეიყვანა. კერძოდ, დიმიტრი პუმპიანსკი, ვადიმ მოშკოვიჩი, დიმიტრი მაზეპინი, ანდრეი გურიევი და სხვები.

გარდა ამისა, საზღვარგარეთ სანქციების ქვეშ მოქცევის შემდეგ, რუსი ბიზნესმენების ქონება დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები