ირაკლი კობახიძე: საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული რჩება

“საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

“როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან, მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო. ჩვენ საზოგადოებას არაერთგზის გავუზიარეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის,, მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება მუდმივი მოწოდებები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ; ამავე მიზანს ემსახურებოდა უმძიმესი პროვოკაციული მცდელობა, საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში გაგზავნილიყო მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი; ამავე მიზანს ემსახურებოდა დისკრიმინაციული პროპაგანდა რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ, მოწოდებები ხელისუფლების მიერ იარაღის შეძენისკენ (ყველას გახსოვთ, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები ამასთან დაკავშირებით), სამხედრო სტატუსის შესახებ თემის სპეკულაციური წამოწევა, მოწოდებები ხელისუფლების მიერ უხეში რიტორიკის გამოყენებისკენ და ა.შ. საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იყო „ომის პარტიის“ მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ „ომის პარტიის“ ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა. საქართველოში სამხედრო კონფლიქტის გადმოტანის მიზანს ემსახურება, აგრეთვე, „ომის პარტიის“ პირდაპირი თუ ირიბი საუბრები ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარაზე და მოწოდებები ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ. თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას ამ თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გავუწოდოთ დახმარების ხელი გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, სათანადო პასუხს გასცემს „ომის პარტიის“ ყველა პროვოკაციას და არ დაუშვებს საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები