კარასინი: ანტირუსულ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა “ანტირუსულ სანქციებზე საქართველოს რეაქცია დაბალანსებულად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.

ამის შესახებ მან ქართველ პოლიტოლოგებთან გორჩაკოვის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდში გამართულ შეხვედრაზე თქვა.

შეხვედრა გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაში საერთაშორისო ურთიერთობების, მსოფლიო ეკონომიკის სფეროს ექსპერტები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განხილვისას, დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს “პრაღის ფორმატში” ჩატარებული არაფორმალური დიალოგის სარგებელი.

პოზიტიურად შეფასდა უკვე მიღწეული შეთანხმებები, რომლებიც გამოიხატება ორმხრივ ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ზრდაში, რიგი სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებასა და ჰუმანიტარულ სფეროში კონტაქტების დამყარებაში.

გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიები განახლდება. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები პირდაპირ საუბრობენ.

ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო ურთიერთობების მდგომარეობას, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხს.

“კარასინმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე საქართველოს რეაქცია დაბალანსებულად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ფაქტი რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩება”, – ნათქვამი ფედერაციის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები