საქართველოს საგარეო უწყება გაეროს რეზოლუციის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს

რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ წარდგენილ იყო უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის, მათ შორის საქართველოს თანასპონსორობით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიღებულ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო რეზოლუციას ეხება.

უწყების ცნობით, რეზოლუციის მთავარი მიზანია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ქვეყანაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რეაგირება.

„24 მარტს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“. აღნიშნული რეზოლუცია წარდგენილ იქნა უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის (საქართველოს ჩათვლით) თანასპონსორობით.

რეზოლუციის მთავარი მიზანია უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რეაგირება. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვის უზრუნველყოფას. გმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მოუწოდებს მხარეებს უზრუნველყონ მოსახლეობისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ მხარეებმა შეასრულონ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ ჰუმანიტარული პერსონალის, ასევე მათი სატრანსპორტო საშუალებების, მარაგისა და აღჭურვილობის უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში ამგვარი საჭიროების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის.

რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, წევრ ქვეყნებს, გაერო-ს სისტემის ორგანოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება, ასევე უზრუნველყონ ლტოლვილთა დახმარება და დაცვა. რეზოლუცია აქვე მიესალმება გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ უკრაინისთვის გაერო-ს კრიზისის კოორდინატორის დანიშვნას.

რეზოლუცია ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა და მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს. ასევე მიმართავს გაერო-ს გენერალურ მდივანს, გენერალურ ასამბლეას მიაწოდოს ინფორმაცია შემდგომში აღნიშნული რეზოლუციის შესრულების თაობაზე.

ამასთან, ხაზგასმულია უკრაინის მეზობელი ქვეყნების მხრიდან გაწეული მცდელობები უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის მიღებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების კუთხით.

რეზოლუციაში ხაზგასმულია მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მოწოდება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოლაპარაკებების გზით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ​გაეროში 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკვე მეორედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს. გენერალურმა ასამბლეამ პირველი რეზოლუცია 2 მარტს მიიღო, რომლითაც რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები