ჯიღაურას სამეცნიერო ბაზაზე FAO-ს და ავსტრიის ფერმერთა საველე სკოლები მოეწყო
მევენახეები და მეღვინეები მცხეთაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ფერმერთა საველე სკოლის ტრენინგებში ჩაერთვნენ. ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში, სადაც 500-მდე ვაზის ჯიში, მათ შორის, აღდგენილი ქართული ჯიშებია გაშენებული, ფერმერებს ვენახის მოვლის შესახებ გამოცდილება ექსპერტებმა გაუზიარეს. ფერმერთა საველე სკოლები „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ ფარგლებში ეწყობა, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს.
ატენის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან 15-მდე მონაწილემ მოისმინა და პრაქტიკულად ჩაერთო ისეთი საკითხების განხილვაში, როგორებიცაა: ვაზის ჯიშური მრავალფეროვნება, ვაზის გაშენება, ნიადაგის მომზადება, ნერგის წარმოება, ვაზის ფორმირება, გასხვლა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება, მარნის გამართვისა და მოწყობის ტექნოლოგიები; ასევე, მონაწილეობა მიიღო ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული სხვადასხვა ღვინის დეგუსტაციაში.
„მნიშვნელოვანია, რომ როგორც მთლიანად პროექტი, ისე საველე სკოლის, ჯგუფურ სწავლებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია მაქსიმალურად მორგებულია ფერმერთა საჭიროებებზე და მათი ჩართულობით იგეგმება. ტრენინგებს წინასწარი მოკვლევის შედეგად, პროექტის მონაწილეებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ვგეგმავთ. ამჯერად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ და თვითონაც ჩართულიყვნენ ვენახის მოვლის საუკეთესო პრაქტიკაში საქართველოში“, – განაცხადა FAO-ს პროექტის მენეჯერმა, ბექა ძაძამიამ.
ფერმერთა საველე სკოლების ინოვაციური სწავლების მეთოდი FAO-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2020 წლიდან დანერგა შიდა ქართლში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის სამიზნე თემებში. მის ფარგლებში, სხვადასხვა სადემონსტრაციო ნაკვეთზე დღემდე 24 სესია გაიმართა. მეღვინეობასა და მევენახეობასთან ერთად, საველე ტრენინგები ასევე ჩატარდა მეფუტკრეობისა და ბოსტნეულის აღება-შენახვის წესების შესახებ.
ჯიღაურას სანერგე მეურნეობის კვლევით ბაზაზე სტუმრობა საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა „შატო ატენის“ დამფუძნებლის, სოსო ვანიშვილისთვისაც: „განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი ვენახის დაგეგმარებაზე, სადაც სიახლეები აღმოვაჩინე. ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო – ბევრი ახალი გავიგეთ. მონაწილეებმა ბევრი კითხვა დავსვით და ამომწურავი პასუხები მივიღეთ“.
მევნახეებსა და მეღვინეებს საკვლევ ბაზაზე ვენახის გაშენების, ღვინის დამზადებისა და შენახვის მთავარი საკითხები და ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ და კვლევითი ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ გაუზიარეს. ლევან უჯმაჯურიძემ ქართული ვაზის მივიწყებული ჯიშების გაცოცხლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„უდიდესია ქართული ვაზის მივიწყებული, მოძიებული და აღდგენილი ჯიშებისადმი დაინტერესება. ჩვენთან მოსული მეწარმეებისა და ფერმერების ძირითადი მიზანია, გაეცნონ ჯიშებს, ახლოს მივიდნენ მათთან და ეზიარონ; ასევე, გაეცნონ დანერგილ ტექნოლოგიებს, მიიღონ განათლება ყველა მიმართულებით, მაგალითად, პრაქტიკულად ნახონ ვაზის გასხვლა, ფორმირება – რაც უმნიშვნელოვანესია – შემდეგ კი ეს ტექნოლოგიები საკუთარ მეურნეობაში გადაიანონ“.
ფერმერთა საველე სკოლები FAO-ს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. პროექტი ასევე მოიცავს სოფლის განვითარების საგრანტო მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც, პროექტის დაწყებიდან, 600-მდე ინდივიდუალური და სათემო გრანტი გაიცა. FAO-ს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ოთხწლიანი პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და ინკლუზიურ განვითარებას, სოფლის მეურნეობის მიერ კლიმატის ცვლილებაში შეტანილი წვლილის შემცირებასთან ერთად.