დეპუტატები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აფასებენ

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აფასებენ, რომლის მიხედვითც აშშ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს პარტნიორი ქვეყნის მოსაზრებას. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი იყო და მას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუცია და კანონები. ჩვენ პატივს ვცემთ პარტნიორი ქვეყნის მოსაზრებას. კანონზე მაღლა, ბუნებრივია, ვერავინ ვერ იდგება. მე რა, რომ სააკაშვილი იყო ქვეყნის პირველი პირი? ეს ნიშნავს, რომ მას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის შეფასებით კი, ამერიკელი კოლეგები ყურადღებას სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით ამახვილებენ.
„გამოძიებით აშკარად იკვეთება სააკაშვილის ბრალეულობა, მაგრამ მეორეა უკვე, რომ ეს საქმე სასამართლოს გადაეცემა, სასამართლო იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილბეას მიიღებს. მე ვიცი, რომ ჩვენი კოლეგები და პარტიონიორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყურადღებას ამახვილებენ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა აბაშიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით კი, ხელისუფლება აშშ-ის განცხადებას უყურადღებოდ დატოვებს.
„მაღალი ალაბათობით ჩვენი მთავრობა ამას ყურადღებას არ მიაქცევს. როგორც ჩანს, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორის განცხადება. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, დაალაგონ რუსეთთან ურთიერთობები“, -აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, აშშ-ის განცხადება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთდა, სადაც მიუთითებენ, რომ სამართლებრივი სისტემები პოლიტიკურ დევნად არ გამოიყნონ.
„ეს განცხადება არის უპრეცედენტოდ მკაცრი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და იქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სამართლებრივი სისტემები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური დევნის იარაღად. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ის წავა ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, არ გაითვალისწინებს თხოვნებს, რომლებიც აქვთ ჩვენს კეთილის მსურველებს და ჩვენს მეგობრებს, მსოფლიოში საქართველოს ექნება ძალინ დიდი პრობლემები საერთაშორისო იმიჯის შელახვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები