ზელენსკი – იაპონელ პარლამენტარებს: რუსეთის საფრთხის გამო, უკრაინაში15 ატომური ბლოკი საფრთხის ქვეშაა
უკრაინაში დღეს ოთხი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია, რაც 15 ატომურ ბლოკს ნიშნავს, რომლებიც, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, საფრთხის ქვეშაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოს და კიევს 8193- კილომეტრიანი მანძილი აშორებთ – თვითმფრინავით საშუალოდ 15 საათია, “არ არსებობს არავითარი განსხვავება თავისუფლების შეგრძნებებს შორის, არც იმ სურვილს შორის, რაც მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებას ნიშნავს”.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველამ იცის, რა არის ჩერნობილი, “ატომური ელექტროსადგური უკრაინაში, სადაც 1986 წელს ძლიერი აფეთქება მოხდა”.
“მოხდა რადიაციული გამოსხივება. რომლის შედეგებიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში დაფიქსირდა. ჩერნობილის სადგურის ირგვლივ 30-კილომეტრიანი ზონა კვლავ დაკეტილია. ის საშიშია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 24 თებერვალს ამ მიწაზე რუსული ჯავშანტექნიკა გადავიდა და ჰაერში რადიოაქტიური მტვერი ასწია.
ზელენსკიმ იაპონელ კანონმდებლებს შეახსენა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსმა ოკუპანტებმა იარაღის ძალით აიღეს.
მან თქვა, რომ რუსეთი იყენებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან არსებულ დახურულ ზონას უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმების მოსამზადებლად.
“უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, წლების განმავლობაში უნდა გამოვიკვლიოთ, რა ზიანი მიაყენეს მათ ჩერნობილის მიწას, რა დააზიანეს რადიოაქტიური მასალების სამარხებში”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა ევროპაში უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტანკებიდან იერიში უკვე მიიტანეს. გარდა ამისა, “საომარი მოქმედებების შედეგად, დაზიანდა ასობით სამრეწველო ობიექტი და ბევრი მათგანი განსაკუთრებით საშიშია”.
“ჭურვები ემუქრება გაზსა და ნავთობსადენებს, ქვანახშირის მაღაროებს. ამ დღეებში რუსულმა ჯარებმა სუმის რეგიონში ცეცხლი გაუხსნეს ქიმიურ ქარხანას, სადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა. გვაფრთხილებენ შესაძლო ქიმიურ თავდასხმებზე, კერძოდ, “ზარინის” გამოყენებით, როგორც ეს სირიაში იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.