თბილისის საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში უკრაინის დელეგაციას შეხვდა

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია უკრაინის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

საქართველოს დელეგაციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი.

უკრაინის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ მიკოლაევის ოლქის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ჰანა ზამაზიეიევა, რივნეს ოლქის რეგიონული საბჭოს წევრი კრივკო ბოჰათირჩუკი, ვოლინის ოლქის რეგიონული საბჭოს წევრი იულია ვუსენკო, მატეივეცკის სოფლის საბჭოს წევრი ტეტიანა ჰოიანი, ხარკოვის ოლქის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ტეტიანა იეჰოროვა-ლუჩენკო.

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, ქართულმა მხარემ უკრაინულ დელეგაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების და საერთაშორისო დონეზე. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უკრაინული დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლებიც საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარებისთვის მიმდინარეობს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ უკრაინის უფრო ქმედითი და აქტიური მხარდაჭერის შესაძლებლობები. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, არის მოსაზრება, შეიქმნას ახალი პლატფორმა, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა მეტად მიზნობრივად განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები