ანრი ოხანაშვილი: ნურავის ექნება ილუზია, რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოების მაჯისცემას არ ვგრძნობთ

“ჩვენი ევროპელი მეგობრები არიან მოსურნეები, რომ ჩვენ გავატაროთ მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს პრაგმატული, ფხიზელი და ყველა ჩვენი შესაძლო ნაბიჯი უნდა იყოს აწონ-დაწონილი. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციით ვმოქმედებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების არჩევანი სტაბილური განვითარებაა, რისთვისაც მმართველი გუნდი შესაბამის ნაბიჯებს დგამს.

„ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერმინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის შემდგარი საუბარი. ეს კიდევ ერთხელ არის გერმანიის მხრიდან საქართველოსადმი მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურება. ეს ხაზს უსვამს ჩვენს პარტნიორულ თანამშრომლობას. ეს ხაზს უსვამს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და, მთლიანობაში, ჩვენი ხელისუფლებისადმი. ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა და ყველა შესაბამისი უწყება ყველა საერთაშორისო ფორმატში ვმონაწილეობთ აქტიურად. ერთი მხრივ, ჩვენ ყველა საერთაშორისო ასპარეზზე მხარს ვუჭერთ ჩვენი პოლიტიკური რესურსის გათვალისწინებით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ხალხს და ეს არაერთ საერთაშორისო გადაწყვეტილებაშია გამოხატული და ჩვენ ამასთან ერთად ვსაუბრობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და შესაბამისი ღონისძიებების შესახებ.

ჩვენი ევროპელი მეგობრები არიან მოსურნეები, რომ ჩვენ გავატაროთ მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს პრაგმატული, ფხიზელი და ყველა ჩვენი შესაძლოა ნაბიჯი უნდა იყოს აწონ-დაწონილი. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციით ვმოქმედებთ. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოების მაჯისცემას არ ვგრძნობთ ან, ჩვენ რაიმე ფორმით არ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენი საზოგადოების არჩევანი, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილური განვითარება, ჩვენ ამას ვასრულებთ და ამ ნაბიჯებს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ვდგამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციებითა და კომუნიკაციით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები