ლევან ჟორჟოლიანი – „მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიფხიზლე და ხმა აიმაღლოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საგანგაშო მოვლენებზე“
სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარული სესია მიმდინარეობს.
საკრებულოს ინფორმაციით, სესიაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა. საქართველოს დელეგაციის სახელით ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ კონსოლიდებული ანგარიშებისთვის, რომელშიც სათანადოდ არის ასახული ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, რუსეთის დესტრუქციული ქმედებები და მისი საოკუპაციო რეჟიმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიფხიზლე და ხმა აიმაღლოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საგანგაშო მოვლენებზე”, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მიმართვისას აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მიერ აუცილებელია კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში ვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად. თავის გამოსვლაში გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო არის კიდევ ერთი წევრი სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის აგრესია თავის თავზე გამოცადა. „უპირველეს ყოვლისა, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ყველაზე ცოტაა რისი გაკეთებაც შეგვიძლია იმისთვის, რომ დავიცვათ ევროპა.
აღნიშნული ანგარიშები, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ მუშავდება, არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მხარი დავუჭიროთ იქ მცხოვრებ ადამიანებს. სამწუხაროა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა მართლაც შემაშფოთებელია.
კოვიდ-19-ით გამოწვეულმა მსოფლიო პანდემიამ შეაფერხა კონკრეტულ ღონისძიებებზე მუშაობა. ვფიქრობ, დღეს უკვე შესაძლებელია ღონისძიებების შემუშავება ადგილობრივ მოსახლეობაში ნდობის აღსადგენად. ეს არის საუკეთესო, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში,“- განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა.