პაპუაშვილი: სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა პირველმა გააჟღერა ნეიტრალიტეტის საკითხი, იმის შემდეგ ისე გაიშალა, თითქოს, ეს განხილვის საკითხია
ძალიან კარგად ვიცით, საიდან დაიწყო 17 მარტს ნეიტრალიტეტის თემა, სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა გააჟღერა ეს საკითხი იმის შემდეგ წამოვიდა, ისე გაიშალა შემდეგ პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან და სოცმედიაში, თითქოს, ეს არის რაღაც განხილვის საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნეიტრალიტეტის საკითხი საერთოდ არ დგას.
„ნეიტრალიტეტის საკითხი საერთოდ არ დგას. როდესაც თქვენ საუბრობთ ერთობლივ ინიციატივებზე და ა.შ. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ სამწუხაროდ, მათ შორის ჩვენი კოლეგების ნაწილიც ჩართული არის ჰიბრიდულ ომში იმ კუთხით, რომ დეზინფორმაციას პირდაპირ თავად ავრცელებენ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.
„ჩვენ არ გვაქვს ცხელი ომი, მაგრამ ვხედავთ, რომ არის პირდაპირი ჰიბრიდული ომი სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება დეზინფორმაციის გავრცელებაში. ინფორმაციული ომია დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებისა და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევისთვის. ყველამ ვიცით, რომ დეზინფორმაციული კამპანიისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა. რას ვხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში, ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული, ოპოზიციის მხრიდან, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მაგალითად, როდესაც საუბარი იყო რუსული სკოლებისა თუ სექტორის შესახებ, თითქოს პარლამენტმა რაღაც პროექტი განიხილა. პირდაპირ პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს. მეორე ვნახეთ გუშინ თუ გუშინწინ, მოქალაქეობის შესახებ კანონში რაღაცა ცვლილება შედისო. პირდაპირ მიმართული დეზინფორმაციაა ესეც, ტყუილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.