ნინო წილოსანი: “გენდერული თანასწორობა საქართველოში, ბარიერები და რეკომენდაციები” ეს არის ძალიან სიღრმისეული და კვალიფიციური დოკუმენტი

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და საბჭოს წევრები გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომზადებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

საბჭოს თავმჯდომარემ კვლევის შედეგად მომზადებული დოკუმენტი შეაფასა და კვლევის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „„გენდერული თანასწორობა საქართველოში, ბარიერები და რეკომენდაციები” ეს არის ძალიან სიღრმისეული და კვალიფიციური დოკუმენტი, რომელიც აანალიზებს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. მათ შორის, რეალურ მოცემულობას გენდერული თანასწორობის კუთხით და რომელიც გვაძლევს ძალიან მყარ და სწორ მიმართულებებს იმისთვის, თუ რა კუთხით უნდა განხორციელდეს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ამ ცხოვრებაში უამრავ ბარიერს ვხვდებით, მაგრამ ის ბარიერები, რომლებსაც ქალები აწყდებიან, გენდერული თანასწორობის კუთხით, არის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული და სტიგმატიზებული სტერეოტიპის სახით დამკვიდრებული, რომელიც რეალურად და სერიოზულად უშლის ხელს გენდერულ თანასწორობას და შესაბამისად, ქვეყნის სათანადო განვითარებას. ამიტომ ყველა ის საკითხი და ყველა ის მიმართულება, რომელზეც ამ დოკუმენტში არის საუბარი, რა თქმა უნდა ამ ბარიერების აღმოფხვრას და კონკრეტულ ქმედებებს მიემართება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ანალოგიური დოკუმენტი რამდენიმე წლის წინაც შეიქმნა და მის მომზადებაში ექსპერტები და დარგის სპეციალისტები აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს წინა წლების სამოქმედო გეგმას საფუძვლად დაედო და მის ბაზისს წარმოადგენდა. “ჩვენ გვინდოდა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2024 წლის სამოქმედო გეგმა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სწორედ იმ გამოწვევებზე ორიენტირებული ყოფილიყო, რაც არსებითი უთანასწორობის კუთხით, ქვეყანაში არსებობს და სწორედ ამისთვის აღნიშნული დოკუმენტი განახლდა. გადაიხედა ყველა ის მიღწევა, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე არსებობს ქვეყანაში როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელის და რეალურად ყოველდღიური ცხოვრების კუთხით. მოგვეცა საშუალება, რომ მასზე დაყრდნობით უკვე შეგვემუშავებინა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, ყველა ამ სფეროში მონაწილე დაკავშირებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებთან ერთად, მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ”, – განაცხადა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

ნინო წილოსანმა რეგიონში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენდერულ თანასწორობას, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, დამატებით დაემატა გლობალური პანდემია და ომი საქართველოს მეგობარ უკრაინაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა და განსაკუთრებით მოქმედებს ქალებზე და იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებზეც საპარლამენტო საბჭო მუშაობს. „რა თქმა უნდა, ამ მოცემულობის ფონზე საბჭო და თითოეული ჩვენგანი არ ვაჩერებთ მუშაობას, იმიტომ რომ ყველა ამგვარი პრობლემური საკითხის დროულად და სათანადოდ გადაწყვეტა თავისთავად გულისხმობს უფრო უსაფრთხო ცხოვრების და პირობების შექმნას”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ღონისძიების მონაწილეებს NDI საქართველოს დირექტორის მოადგილემ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა მიმართეს, რომლებმაც გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწეულ საქმიანობასა და ამ კუთხით, მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს აქტივობებს დადებითი შეფასება გააკეთეს. ღონისძიებაზე კვლევის მიგნებებსა და მომზადებულ რეკომენდაციებზე დისკუსია და მსჯელობა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები