ვახტანგ გომელაური: ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, სამინისტროს რა დირექტივაც ჰქონდა – შესრულდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში, დეპუტატების კითხვებს პასუხობს. დეპუტატ ეკა სეფაშვილის კითხვაზე, თუ რა გაკეთდა ევროინტეგრაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან და რა საკითხებზე მიმდინარეობს ამჟამად მუშაობა, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სამინისტროსთვის დირექტივები არის სექტორული.

“ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დირექტივები არის სექტორული მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს, კომპეტენციის ფარგლებში, ჰქონდა 1 დირექტივა მართვის მოწმობის თაობაზე, რაც შესრულდა. აღნიშნული დირექტივის განხორციელება იყო საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კომპეტენციის ფარგლებში, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები ექცევა პოლიტიკურ და მართლმსაჯულების ნაწილში და სამინისტრო ყოველწლიურად დაახლოებით 80-მდე აქტივობას ახორციელებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:
საზღვრის ინტეგრირებული მართვა; არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, თავშესაფრის საკითხები და რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საერთაშორისო სამართალდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავება; საკანონმდებლო და ინფრასტრუქტურული საქმიანობის განხორციელება; სამოქალაქო დაცვის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები