რომეო მიქაუტაძე სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის დამატებითი ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც ორივე ქვეყნის ენერგეტიკულ კომპანიებს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს მისცემს.
რომეო მიქაუტაძემ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის შესახებ, რომელიც გაზრდის კონკურენციას სექტორში, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების მოზიდვას და მიმართულია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებისკენ.
ასევე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადაცემი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი, უფრო მეტი სიმძლავრის ხაზების მშენებლობაზე, რომლებიც ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს, მეტად ითანამშრომლონ ელექტროენერგეტიკის სფეროში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე.