მხოლოდ 2%-იანი განაკვეთი და გამარტივებული აღრიცხვა – ზელენსკიმ უკრაინაში საგადასახადო რეფორმა გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკის მხარდაჭერის პროექტს დაუჭირა მხარი, რომ მოხდეს ბიზნესის მუშაობის უზრუნველყოფა და მოსახლეობის დასაქმება იქ, სადაც ეს შესაძლებელია.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა.
„პირველ ყოვლისა, ჩვენ ვიწყებთ საგადასახადო რეფორმას: დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, ბრუნვის 2%-იან განაკვეთს და გამარტივებულ აღრიცხვას გთავაზობთ“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, მცირე ბიზნესისთვის, ინდმეწარმეთა პირველი და მეორე ჯგუფისთვის, ერთიანი გადასახადის გადახდა ხდება ნებაყოფლობითი, “ანუ, თუ შეგიძლიათ, გადაიხადეთ, თუ არ შეგიძლიათ, კითხვები არ იარსებებს“.
გარდა ამისა, უკრაინაში გაუქმდება ბიზნესის შემოწმებები, „რომ ქალაქები გაცოცხლდნენ, რომ ცხოვრება გაგრძელდეს იქ, სადაც არ არის საომარი მოქმედებები“.
ზელენსკიმ, ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირების ერთადერთ პირობად კანონის ფარგლებში მუშაობა დაასახელა.
მისი თქმით, ამგვარი რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება.