პესკოვი – ოვსიანიკოვაზე: ხულიგნობაა, შესაბამისი სტრუქტურები საკითხს სწავლობენ

“პირველი არხის” ეთერში პაციფისტური შინაარსის პლაკატით გამოჩენა  არ არის კრემლის დღის წესრიგის საკითხი, მაგრამ ეს არის ხულიგნობა, ტელეარხი და შესაბამისი სტრუქტურები საკითხს სწავლობენ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

“რაც შეეხება ამ გოგოს, ეს არის ხულიგნობა. ტელეარხი და ისინი, ვისაც ეს ევლება, საკითხში გარკვევას ცდილობენ. ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხი”, – თქვა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პირველი არხი, ისევე – როგორც ქვეყნის სხვა წამყვანი ტელეარხები, არის ხარისხიანი, დროული, ძალიან სწრაფი და ობიექტური ინფორმაციის ბრენდი.

„არსებობენ გარკვეული უწყებები, გარკვეული ორგანოები, რომლებიც საკითხით არიან დაკავებული, მით უმეტეს, რომ ნებისმიერი ტელეარხის პირდაპირი ეთერი – განსაკუთრებული განზომილებაა, სადაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იქ მუშაობს“, – ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.

გადაცემა Время-ს რედაქტორმა, მარინა ოვსიანიკოვამ უკრაინაში მიმდინარე ომი, 14 მარტს გადაცემის მსვლელობის დროს, წამყვანის უკან პლაკატით ხელში გამოჩენით გააპროტესტა, რომელზეც ეწერა: “არა ომს”.

როგორც “ტასს” რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში წყარომ განუცხადა, უწყება საქმეს რუსი სამხედროების წინააღმდეგ „საჯაროდ ყალბი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელების” მუხლით განიხილავს.

ამ მუხლის დარღვევა, დამამძიმებელი გარემოებების გარეშე – იწვევს 1,5 მილიონი რუბლის ოდენობით დაჯარიმებას, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მაგრამ “სამსახურებრივი მდგომარეობის” გამოყენებისას – 5 მილიონით დაჯარიმებას,ლ ან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი, “დამამძიმებელი შედეგების” არსებობის შემთხვევაში – 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები