მარინა ოვსიანიკოვას 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
გადაცემა Время-ს რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ანტისაომარი აქციის განხილვა სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარეობს.
როგორც “ტასს” რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში წყარომ განუცხადა, უწყება საქმეს რუსი სამხედროების წინააღმდეგ „საჯაროდ ყალბი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელების” მუხლით განიხილავს.
ამასთან, გამოცემის წყარო არ აზუსტებს, თუ სად იმყოფება ამჟამად რუსი ჟურნალისტი.
მარინა ოვსიანიკოვამ უკრაინაში მიმდინარე ომი, გადაცემის მსვლელობის დროს, წამყვანის უკან პლაკატით ხელში გამოჩენით გააპროტესტა, რომელზეც ეწერა: “არა ომს”.
რაც შეეხება რუსი სამხედროების შესახებ “გამიზნულად ყალბი ინფორმაციის გავრცელების” მუხლს, ის მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ამ მუხლის დარღვევა, დამამძიმებელი გარემოებების გარეშე – იწვევს 1,5 მილიონი რუბლის ოდენობით დაჯარიმებას, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მაგრამ “სამსახურებრივი მდგომარეობის” გამოყენებისას – 5 მილიონით დაჯარიმებას,ლ ან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი, “დამამძიმებელი შედეგების” არსებობის შემთხვევაში – 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.