საომარი მოქმედებების გამო, წინასწარი გათვლებით, უკრაინისთვის მიყენებული ზარალი, სულ მცირე, 500 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ თქვა.
“ბევრი ლოჯისტიკური ჯაჭვია მთლიანად განადგურებული, უამრავი საწარმო, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ვერ იმუშავებს, რადგან მათმა თანამშრომლებმა ქვეყანა დატოვეს. ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევდნენ, რომ ომის ხარჯები ქვეყნის მშპ-ის მესამედს, ან ნახევარს შეადგენდა. სხვა შეფასებით, საუბარია 500 მილიარდ დოლარზე, თუმცა, ზუსტი რიცხვის დასახელება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი”, – თქვა მინისტრმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის მშპ წლის ბოლომდე 10%-ით შემცირდება. ფონდი ასევე ინფლაციის 19,1%-მდე გაზრდას ვარაუდობს.