გიორგი ცუცქირიძე: გვიჩნდება ისტორიული შანსი აბრეშუმის გზის საქართველოს მარშრუტი აღდგეს, რასაც ამერიკული ბაზრის პერსპექტივაც დაემატება

გვიჩნდება ისტორიული შანსი აბრეშუმის გზის საქართველოს მარშრუტი აღდგეს, რასაც ამერიკული ბაზრის პერსპექტივაც დაემატება, – ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი განმარტავს რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება, რასაც უახლოეს წლებში, რამდენიმე ასეული მილიარდი აშშ დოლარის რეპარაციის გადახდაც დაემატება.

იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება უნდა მოხდეს.

“მთლიანად ვეთანხმები ფრენსის ფუკუიამას, რომ რუსეთი უკრაინაში აშკარად დამარცხებისკენ მიდის, რადგან რუსული დაგეგმარება არაკომპეტენტური აღმოჩნდა, იყო რა დაფუძნებული ბლიც კრიგზე და მცდარ მოლოდინზე: თითქოს უკრაინელები კეთილგანწყობილნი იქნებოდნენ რუსეთისადმი და შეჭრისთანავე სულ რამდენიმე დღეში უკრაინის სამხედრო ძალა ჩამოიშლებოდა. ამ მოლოდინის საპირისპიროდ, ომის დაწყებიდან სულ რაღაც ორიოდე კვირაში ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგებით, სსრკ-ის დროს ავღანეთის კამპანიასაც კი გადაასწრო, რასაც ემატება ომის წარმოების ყოველდღიურად მზარდი ხარჯები. წამყვანი უცხოელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, პუტინს ფაქტიურად აღარ ჰყავს დამატებითი რეზერვი, რომელიც ომში შეიძლება გამოიძახოს. რუსული ჯარის ნაწილები არიან გაფანტული და უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გარეთ სულ უფრო უჭირთ უკრაინეილთა თავდასხმების მოგერიება, რომლებიც პარტიზანული ომის ტაქტიკასაც წარმატებით იყენებენ.

რუსეთს, რომ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება, ამას თავად პროკრემლისტური ექსპერტებიც აღარ მალავენ. ქვეყანაში უკვე შეიმჩნევა საქონლისა და მომსახურების დეფიციტი, უცხოური კომპანიების გასვლის გამო. იმპორტის სერიოზული ჩანაცვლება რვა წლის განმავლობაში არ მომხდარა და ბუნებრივია, ვერც დროის არსებულ დეფიციტში მოხდება.
მსხვილი დასავლური ბრენდების ერთმანეთის მიყოლებით რუსული ბაზრის დატოვება ათიათასობით ადამიანს სამუშაოს გარეშე დატოვებს, რასაც რუბლის გაუფასურებასთან ერთად, აუცილებლად მოყვება ფასების არნახული ზრდა და მაღალი ინფლაცია.

სხვადასხვა შეფასებებით ეკონომიკის ვარდნა მარტო მიმდინარე წელს მინიმუმ 12% იქნება, რაც თანხობრივად 200 მილიარი აშშ დოლარის ექვივალენტია.

ყველა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო რუსეთს დეფოლტს უწინასწარმეტყველებს, რასაც რუსეთის სუვერენული რეიტინგის საინვესტიციო პოზიციიდან დეფოლტის წინა პოზიციამდე სარეკორდო ვარდნაც მიანიშნებს. აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთმა, შესაძლოა, ერთ თვეში, კერძოდ, 15 აპრილისთვის ვალდებულებების მომსახურება ვერ შეძლოს და დეფოლტი გამოაცხადოს. დეფოლტის შემთხვევაში მოსალოდნელია რუსეთის უცხოური აქტივების კონფისკაცია. რუსეთის ეკონომიკა შედის ხანგრძლივ რეცესიულ ციკლში, ხოლო დეფოლტის გამოცხადებისას ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად დაკარგავს და დარჩენილი უცხოური კაპიტალი, გადინებას დაიწყებს.

მაგრამ რუსეთის ეკონომიკის გასაჭირი აქ არ მთავრდება, უახლოეს წლებში რუსეთს მოუწევს რამდენიმე ასეული მილიარდი აშშ დოლარის რეპარაციის გადახდაც.

თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რეპარაცია ვრცელდება აგრესიული ომის წამომწყებ სახელმწიფოსა და მის მოკავშიორეებზე, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის მსხვერპლის ტერიტორიაზე დაბომბვაში, ქვეყნის მატერიალური და ადამიანთა რესურსების განადგურებაში.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველა ვარიანტში მოგვიწევს რუსული ბაზრის ჩანაცვლება, ეკონომიკის გადაწყობა და ექსპორტ-იმპორტის დივერსიფიკაცია. მით უმეტეს, როდესაც რუსეთის საბანკო სისტემა ფაქტობრივად გაკოტრებულია, რადგან კერძო ბანკებს დეპოზიტების დაკმაყოფილება აღარ შეუძლიათ.
რუსეთი იყო ჩვენი რიგით მეორე წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, ამიტომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება მარტივი ამოცანა არ იქნება და ვერც რომელიმე მცირე ბაზრით ან ბაზრებით ჩანაცვლდება.
დღეს ყველაზე ოპტიმისტურად აშშ-სთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) გააფორმება იქნებოდა, რადგან გარდა იმისა, რომ ეს საკითხი ისედაც იდგა დღის წესრიგში, მას საქართველოს ეკონომიკაზე მყისიერი ეკონომიკური გავლენა ექნება აშშ-ის ბაზრის მეგა ფაქტორიდან გამომდინარე.
საერთაშორისო სანქციების შედეგად და რუსული ბაზრის ჩაკეტვით, იკეტება სატრანზიტო არტერიებიც, რომლებიც რუსეთზე გადიოდა ჩინეთიდან და აზიიდან ევროპაში მიდიოდა.

ჩვენ გვიჩნდება ისტორიული შანსი აღდგეს აბრეშუმის გზის საქართველოს მარშრუტი, რასაც ამერიკული ბაზრის პერსპექტივაც დაემატება.

საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ამერიკული კომპანიებიც ისარგებლებენ, მათ შორის რუსეთის ბაზრიდან წამოსული ის კომპანიები რომლებიც რეექსპორეტით იყვნენ დაკავებული, რადგან პანდემიის ერთ-ერთი გლობალური გაკვეთილი გლობალური მიწოდების ჯაჭვების წყვეტის დაზღვევაა.
დღეს წამყვანი უცხოური კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ ისედაც შეამოკლონ მიწოდების ჯაჭვი, რომელიც მათ სჭირდებათ პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გასატანად.

დღეს ყველა წინაპირობა არსებობს საქართველო იქცეს მიმზიდველ ვარიანტად მიწოდების ჯაჭვებში უცხოური ინვესტიციებისთვის, როგორც მოქმედი საგადასახადო ბაზით, ისე შრომის კანონმდებლობით და ასევე კონკურენტუნარიანი საოპერაციო ხარჯების და ლოჯისტიკური პერსპექტივების თვალსაზრისით. ახლა დრო მუშაობს ჩვენზე და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები