ევროკავშირის ელჩი უკრაინის წევრობაზე: ყინული დაიძრა, პროცესი მიმდინარეობს

უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მათი მაასიკასმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა დაწყებულია.

„11 მარტს ვერსალში სამიტზე, სახელმწიფო ლიდერებმა და ევროკავშირის ხელმძღვანელებმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განცხადება განიხილეს. მათ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი მისცეს: უკრაინა ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება. მუშაობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია. ყინული დაიძრა, პროცესი დაწყებულია“, – განაცხადა მაასიკასმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები უკრაინას აწვდიან იარაღს და კიდევ უფრო დიდი დახმარება ჯერ კიდევ წინაა.

„პირველ რიგში, ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ: ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ თავისი წვლილი შეიტანა სამოქალაქო დაცვის მექანიზმში. მილიონობით სატრანსპორტო საშუალება, აფთიაქი, კარავი, საბანი და საძილე ტომარა უკვე უკრაინისკენ მიდის“, – განმარტა მაასიკასმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ასევე იცავს მათ, ვინც პუტინის ტერორს გაურბის.

„ევროკავშირმა პირველად გაააქტიურა დირექტივა დროებით თავშესაფარზე. ის დაეხმარება უკრაინელებს რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში აღმოჩნდებიან. უზრუნველყოფს მათთვის სამედიცინო დახმარებას და კეთილდღეობას, საშუალებას მისცემს იმუშაონ და ისწავლონ“, – აღნიშნა მაასიკასმა.

დიპლომატმა ასევე დაამატა, რომ პირველი მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირისგან უკრაინას – 300 მილიონი ევრო – უკვე უკრაინაშია და ეს დასასრული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები