ლევან დავითაშვილი: ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, საბოლოოდ დასტაბილურდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გამყარდეს კიდეც

„მთელი ეკონომიკური გუნდი მკაფიოდ ვსაუბრობდით, რომ არ არსებობდა ლარის ამგვარი გაუფასურების წინაპირობები. ეს გამოჩნდა კიდეც და მუდმივი კომუნიკაციით ძირითად ბიზნეს-აქტორებთან, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, ანალიტიკოსებთან, მოსახლეობასთან ვაჩვენეთ, რომ რეალურად, პანიკა გადაივლიდა, ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდებოდა და ეს ასეც მოხდა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური პროცესები არის მსხვერპლი, მათ შორის პოლიტიკური პროცესების. მისი თქმით, ეკონომიკური პროცესები, მათ შორის ჩვენთან, ზიანდება იმ პოლიტიკური დაძაბულობით, ისტერიით, ხშირ შემთხვევაში არაობიექტური მოვლენებით, ასევე სპეკულაციებით, რომელიც, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ პროცესებზე და ლარის კურსთან დაკავშირებითაც აისახება.

„დღეს თავისუფალი სავაჭრო კურსი გვაქვს და დავინახეთ, რომ ლარმა დაიწყო სტაბილიზაცია, დაიწყო წონასწორობის წერტილის მონახვა. ვფიქრობთ, რომ დღეს ეკონომიკური პარამეტრები არის ზუსტად ისეთივე, როგორც ომის დაწყებისას და ომის წინ, გვახსოვს, რამდენად გამყარებული იყო ლარი. შესაბამისად, ეს პარამეტრები არ არის სახეცვლილი, ამ მომენტისთვის, ობიექტურად, კურსი უნდა იყოს დაახლოებით იგივე წონასწორობის მიდამოებში, რაც იყო ომის დაწყებამდე. შესაბამისად, ეს ყველაფერი იყო პანიკური და ალბათ მოლოდინების ეფექტი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე კოორდინაციით ყველა აქტორთან და მათ შორის იმ გადაწყვეტილებების აღსრულებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო იგივე საფინანსო სანქციების კუთხით, ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და კავშირით პროცესები დასტაბილურდა, დამშვიდდა”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის და ეროვნული ბანკის ეს უპრეცედენტო მჭიდრო თანამშრომლობა გამოჩნდა და მოსახლეობამ დაინახა, რომ ლარის გაუფასურების წინაპირობები მართლაც არ იყო, რის შედეგადაც ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციას, მინისტრის განმარტებით, ბანკმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ლოტით, თანხით მიიღო აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ რეალურად ის არც კი იყო სრულად ათვისებული, რადგან ამ პირობებს ობიექტური წანამძღვრები არ ჰქონდა.

„ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, საბოლოოდ დასტაბილურდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გამყარდეს კიდეც”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები