თბილისის მერიის ორგანიზებით, „გუდვილში“ უკრაინელი მოქალაქეების დახმარების აქცია დაიწყო

უკრაინის დახმარების კამპანიას, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება,  ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პროდუქტი „გუდვილში“ შეიძინონ.

დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი „გუდვილის“ ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა და აქციის პირობებს ადგილზე გაეცნო.

„უკრაინელების დახმარების აქციის ფარგლებში, „გუდვილის“ ნებისმიერ მაღაზიაში სპეციალურ დახლზე წარმოდგენილი იქნება უმეტესად ქართული, არამალფუჭებადი პროდუქცია. მისი ყიდვა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ამის შემდეგ, შეძენილ ნივთებს დააფასოებენ და ბელიაშვილის ქუჩაზე გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში მიიტანენ. რამდენიმე დღეში კი უკრაინაში გაიგზავნება. ეს არის საშუალება, რითაც თითოეული ადამიანი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საკუთარ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ანგარიშის სახაზინო კოდია 300778800. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები