Google უკრაინაში საჰაერო თავდასხმების შესახებ ანდროიდის მომხმარებლებს წინასწარ გააფრთხილებს
Google უკრაინაში საჰაერო თავდასხმების შესახებ ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს წინასწარ გააფრთხილებს და შეტყობინებებს გაუგზავნის. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
Google-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს სმარტფონი ანდროიდის სისტემით, საჰაერო თავდასხმამდე გაფრთხილებას წინასწარ მიიღებს.
ამასთან, კომპანია უკრაინის ხელისუფლებასთან აქტიურად მუშაობს, რათა სმარტფონებში განგაშის სისტემა ამოქმედდეს.
მათივე ინფორმაციით, ანდროიდის გამაფრთხილებელი სიგნალები უკრაინის მთავრობის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებზე იქნება დამოკიდებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ თავდაპირველად ეს ფუნქცია მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ადამიანების გასაფრთხილებლად შეიქმნა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს მათ დაბომბვისგან თავის გადარჩენაშიც დაეხმარება.
კომპანიის ცნობით, აპლიკაცია Google Play Store-ში უკვე განთავსდა და უკრაინელებისთვის ხელმისაწვდომია.