სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების მიზანშეწონილობის შესასწავლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების მიზანშეწონილობის შესასწავლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსახილველი საკითხები თემატურ ბლოკებადაა სისტემატიზებული. მისივე თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში დაახლოებით, 50 რეკომენდაციაა, რომელზეც სამუშაო ჯგუფი განხილვის სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით იმუშავებს. „დაგვჭირდება ინტენსიური შეხვედრები, დისკუსიები, ზოგადად, განხილვის სხვადასხვა ფორმატების გამოყენება და ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთს შორის, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ხედვა, პირველ რიგში, სახალხო დამცველის მიერ დანახული პრობლემის არსის შესახებ, შემდგომ კი მის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტის გზების შესახებ.
პოზიციების შეჯერებით გადაწყდება უკვე შემდგომი ინიციატივების შემუშავების საკითხიც”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.