ჰერმან საბო: იმედია, პუტინის გარშემო მყოფ ადამიანებს მაინც შერჩებათ საღი აზრი და რაიმე მეთოდებით მოახერხებენ, ჩამოაშორონ ის ძალაუფლებას
წლების განმავლობაში, ვლადიმერ პუტინი თავის გარემოცვას სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით მოპარვის საშუალებას აძლევდა და როცა მათ ეს გზა ჩაეკეტებათ, შეიძლება, ეს მათთვის ისეთი დარტყმა იყოს, რომ პუტინის რაღაცნაირ იზოლაციაზე წავიდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” დეპუტატმა, ჰერმან საბომ განუცხადა.
ის იმედოვნებს, რომ პუტინის გარშემო მყოფ ადამიანებს მაინც შერჩებათ საღი აზრი და რაიმე მეთოდებით მაინც მოახერხებენ, რომ ის ძალაუფლებას ჩამოაშორონ.
„ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში დასავლეთმა შეიძლება გააკეთოს, არის სანქციების ახალი ეტაპები და უკრაინისთვის თავდაცვის უკეთესი შეიარაღების მიწოდება. ვნახეთ, რომ უკრაინა ახალ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს, მაგრამ ამ თვალსაზრისით უფრო მეტი დახმარების მიწოდება შეამცირებდა იმ რისკებსა და ტრაგედიებს, რაც ზოგადად, ომს მოჰყვება ხოლმე. დიდი ძალაუფლების ქონა რეალობის აღქმას ამრუდებს. წლების განმავლობაში პუტინის გარშემო ხალხი გაიფილტრა და ის ხალხი დარჩა, ვინც მას ბაბლში ამყოფებს და არწმუნებს – როგორი ძლიერია, დაუმარცხებელია, რუსული არმია მსოფლიოში სიძლიერით მეორეა. ამ ყველაფერმა რეალობაზე წარმოდგენა ძალიან გაუმრუდა და გეგმა, რომელიც ომის დაწყებამდე ჰქონდა, ვერ სრულდება. ამან შეიძლება რუსეთში გამოიწვიოს ვერტიკალის ჩამოშლა ან პუტინის ისტერიკაში გადავარდნა და მისი პროგნოზირება უკვე შეუძლებელი იქნება. იმედია, პუტინის გარშემო მყოფ ადამიანებს მაინც შერჩებათ საღი აზრი და რაიმე მეთოდებით მაინც მოახერხებენ, ძალაუფლებას პუტინი ჩამოაშორონ. ეს იქნება კარგი სცენარი რუსეთისთვისაც, უკრაინისთვისაც, მსოფლიოსთვისაც“, – განაცხადა ჰერმან საბომ.