კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
შეთანხმების პროექტს კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების პროექტის შესახებ იმსჯელეს. ე
კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ტაჯიკეთი არის ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანა, რომელთანაც აღნიშნული სახის ხელშეკრულება არ აქვს საქართველოს გაფორმებული. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს საგამონაკლისო წესს ხელოვნების ნიმუშების, რეკვიზიტების, კინოთეატრალური, სპორტული, მუსიკალური, საცირკო ღონისძიებებისთვის ნებართვის გარეშე ტვირთების გაცვლასთან დაკავშირებით. „შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ და სატრანზიტო მიმოსვლაში. იქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელიც ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში განსაზღვრავს ნებართვების ურთიერთგაცვლის კვოტებს”, – განაცხადა მომხსენებელმა.
დღესვე კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის” მიერ მომზადებული პეტიცია განიხილა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე. „პეტიციაში ხაზგასმულ თემებთან დაკავშირებით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს რეგლამენტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა სავალდებულოა და ვადებში შემჭიდროებული”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ. მისი თქმით, მიზანშეწონილი არ არის თემატური ჯგუფის შექმნა, რასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.