აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედროებს არ გაგზავნის
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს.
“არ ვაპირებთ შეერთებული შტატების ჯარების გაგზავნას უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი განაგრძობს ყველა ნაბიჯის გადადგმას უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უზრუნველსაყოფად. აშშ-ში გაიგზავნა 1 მილიარდი დოლარის დახმარება უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ამასთან, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთიდან სამხედრო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე პოლონეთსა და NATO-ს დანარჩენ მოკავშირეებთან კონსულტაციები იმართება.
“ასე რომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეერთებული შტატების და NATO-ს ინტერესშია, რათა ზეწოლა მოვახდინოთ პრეზიდენტ პუტინზე და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას”, – აღნიშნა ფსაკიმ.