როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსულ დეზინფორმაციას და რომელია „ყველაზე უსაფრთხო“ მესენჯერი

თანამედროვე სამყაროში კიბერსივრცე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ განზომილებად იქცა, სადაც ომის წარმოება შეიძლება. ისეთი აგრესორი ქვეყნისთვის, როგორიც რუსეთია, ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალურია. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გარდა, რომელსაც უკვე ასობით ადამიანი ემსხვერპლა, კრემლი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო კიბერსივრცის „დაბომბვასა“ და დაბინძურებას ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებითა თუ სხვა კიბერაქტივობებით. ასე რომ, აუცილებელია, ამ საკითხს ჯეროვანი მნიშვნელობა მიანიჭონ როგორც სახელმწიფოებმა, ასევე ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, რომელთაც შეგვიძლია ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

როგორია რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები კიბერსივრცეში, რა მეთოდებს იყენებს აგრესორი, რომელია უსაფრთხო საკომუნიკაციო საშუალებები და როგორ ვებრძოლოთ რუსულ დეზინფორმაციას? „კვირა“ კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელს, კიბერუსაფრთხოების ექსპერტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

-როგორ იყენებს რუსეთი დღეს კიბერსივრცეს უკრაინასთან ომში?

-კრემლის ჰიბრიდულ აქტივობებში კიბეროპერაციებს ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უჭირავს და სულ უფრო მეტი ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენება.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე ამ ქვეყნის სამთავრობო საიტებზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც ათეულობით სამთავრობო საიტის საწყისი გვერდის შეცვლა, ე.წ Defacement გამოიწვია. ათეულობით სამთავრობო, მათ შორის, საგარეო საქმეთა, ფინანსთა სამინისტროების საიტზე რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე გავრცელდა მუქარის შემცველი მესიჯი და ინფორმაცია პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ. ამას გარდა, გამოყენებულ იქნა მძლავრი დესტრუქციული პოტენციალის მქონე მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც, რუსული NotPetya-ს მსგავსად, ინფორმაციის განადგურების ფუნქციონალს ფლობს.

ანდრო გოცირიძე

საინტერესოა, რომ კიევის მონაცემებით, Defacement-ის უკან ბელარუსის დაზვერვასთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფება UNC1151 იდგა, ხოლო გამოყენებული მავნე პროგრამული უზრუნველყოფა რუსული APT-29-ისთვისაა დამახასიათებელი, რომელიც ბოლო ატრიბუციის თანახმად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სტრუქტურაა. UNC1151 – ბელარუსის სადაზვერვო სამსახურებთან აფილირებული ჰაკერული ჯგუფია, რომელიც პასუხისმგებელია ლიეტუვაში, ლატვიაში, უკრაინასა და პოლონეთში კიბეროპერაციებით განხორციელებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საწინააღმდეგო ნარატივებით.

პროპაგანდისტული მესიჯი, რუსულისა და უკრაინელის გარდა, პოლონურ ენაზეც გავრცელდა, რაც, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის ზოგიერთ რეგიონში უკრაინული ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებს უნდა უკავშირდებოდეს. ზოგიერთი უკრაინელი ექსპერტის მონაცემებით, პოლონურენოვანი ტექსტის შესაქმნელად ონლაინ სათარგმნი აპლიკაციაა გამოყენებული ისევე, როგორც UNC1151 -ის მიერ განხორციელებული Ghostwriter ოპერაციისას.

-გარდა კლასიკური მედიასაშუალებებისა, სად შეუძლია რუსეთს დღესდღეობით ყალბი ინფორმაციის გავრცელება ან, უბრალოდ, ინფორმაციის კონტროლი?

-ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად მეტად ხელსაყრელი პირობებია ონლაინ-სივრცე და სოციალური ქსელები. მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციას სწორედ ამ საშუალებებით იღებს. ამასთანავე, საინფორმაციო საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადატანამ ნებისმიერ ჩვენგანს მისცა ჟურნალისტობის შესაძლებლობა. ანაზღაურებადი ტროლების, ინტერნეტ-ბოტებისა და სხვა ტექნიკების გამოყენებით, მარტივია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, მოსახლეობის ფართო მასების დეზინფორმირება და სასურველი აღქმების ჩამოყალიბება. ასეთ დროს მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმების პლატფორმების აქტიური გამოყენება და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.

-მესენჯერები და მსგავსი აპლიკაციები ადამიანთა შორის როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობების დამყარებისა და ინფორმაციის მიმოცვლისთვის ყველაზე პოპულარული საშუალებაა. რომელი მესენჯერები და მსგავსი ტიპის სხვა საინფორმაციო არხებია დღესდღეობით რუსეთის კონტროლის ქვეშ და როგორ შეუძლია კრემლს, სათავისოდ გამოიყენოს ეს ინფორმაცია?

-ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც რუსეთში ან მის მიერ კონტროლირებად სივრცეშია შექმნილი, საქართველოსთვის სარისკოა. არა მარტო მესენჯერები, არამედ, ერთი შეხედვით, ისეთი უწყინარი აპლიკაციებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, რამდენიმე წლის წინაც ფართოდ გავრცელებული აპლიკაცია – მომხმარებლის ფოტოს მიხედვით, სიბერის ვიზუალის მოდელირებით, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურთან. ახლაც მიმდინარეობს კამპანია ფეისბუკ-სივრცეში, როდესაც რუსული სადაზვერვო სამსახურები აქტიურად იყენებენ აპლიკაციებს, რომლებიც საკუთარი სურათის გაზიარებას ითხოვს ნებისმიერი საბაბით. შეგროვილი ბიომეტრიულ და სხვა ტიპის მონაცემების გამოყენება მრავალგვარია: ობიექტის გადაადგილების თვათვალი, შანტაჟისა და ტერორისტული აქტისთვის ობიექტის ვიზუალურ კონტროლზე გადაცემა და სხვა. მონაცემები შესაძლოა, ასევე Deep Fake-სთვის იყოს გამოყენებული. რუსეთი ამგვარ ტექნოლოგიას ხშირად იყენებს ფეიკ-ნიუსის შესაქმნელად. შედარებით უსაფრთხოა იმ აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობას ითვალისწინებენ ან ამერიკული კომპანიების მიერაა შექმნილი.

What is Signal? The basics of the most secure messaging app.

-რომელი მესენჯერების გამოყენებას გვირჩევთ ამ პერიოდში, რომელია უფრო უსაფრთხო?

-ითვლება, რომ დღეისათვის კომუნიკაციის ყველაზე უსაფრთხო შესაძლებლობა Signal-ის აპლიკაციაა. კრიპტაციის  დონე, რომელსაც ეს აპლიკაცია გვთავაზობს, სავსებით საკმარისია მომხმარებლის ყოველდღიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა, ვერც ერთი ელექტრონული სერვისი ვერ იძლევა კიბერრისკებისაგან, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოთა მიერ მხარდაჭერილი კიბერშეტევისაგან სრულ დაცულობას. შესაბამისად, რეალურად საიდუმლოების შემცველი მონაცემები ან სენსიტიური ინფორმაცია სჯობს პირისპირ ვითარებაში განვიხილოთ.

-რა შეუძლია ჩვეულებრივ ინტერნეტმომხმარებელს შექმნილ ვითარებაში? რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ და როგორ დავიცვათ თავი რუსული დეზინფორმაციისგან?

-როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ნებისმიერი არხით გავრცელებული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ქმედითი ღონისძიება სწორი ინფორმაციით მომარაგება, სტრატეგიული კომუნიკაციის გააქტიურებაა. ნებისმიერი კრიზისული ვითარება სტრატეგიული კომუნიკაციის ინტენსივობას მოითხოვს. იმისათვის, რომ მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურებმა არ გამოიყენონ პაუზა მოვლენასა და შეტყობინებას შორის, არ შეავსონ ინფორმაციული ვაკუუმი, საქართველოს მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ რეალური ვითარების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები