ირაკლი ანთაძე: უკანონო პატიმრობაში ჩვენი 6 თანამოქალაქეა – თითოეული მათგანი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტი უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების საკითხი და ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესია.
„ამ პერიოდისთვის უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე. რაც შეეხება დაკავებულებს, გაიმართა კანიაშვილისა და ნათაძის სასამართლო პროცესები, მათ შეეფარდათ უკანონო სასჯელი. ვლადიმერ კანიაშვილს ექვსი თვის ვადით, ნათაძეს კი, ექვსი წლის ვადით. ბრძოლა გაგრძელდება, რომ ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძეს, მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა და შევეცდებით, დღეს მივიღოთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ანთაძემ.
მან აღნიშნა, რომ გასული დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა.
“მინდა აღვნიშნო, რომ გასული დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა, ვგულისხმობ ტექნიკის კონცენტრირებას”, – აღნიშნა ანთაძემ.