ტყის ხანძრები სამხრეთ ევროპაში – სტიქიამ რამდენიმე ქვეყანა მოიცვა

სამხრეთ ევროპა ტყის ხანძრების მასშტაბური ტალღის წინაშე დგას, სტიქიამ ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა მოიცვა. აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთშია, სადაც ხანძრებმა უკვე გაანადგურა 190 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ბუნებრივი ტერიტორია და ათასობით მცხოვრები იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარს ასობით მეხანძრე ებრძვის. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და ხანგრძლივი გვალვა ხანძრის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს საგანგებო სამსახურების მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, პერპინიანის მახლობლად. იქ, დაახლოებით, 700 მეხანძრე და სპეციალიზებული თვითმფრინავი ცდილობს ტყის მასშტაბური ხანძრის ლოკალიზებას. ცეცხლმა შორეული ტერიტორია მოიცვა. ხანძრის მასშტაბები 24 საათში თითქმის სამჯერ გაიზარდა და 46 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე და ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა, ხოლო 10 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სიტუაცია შესაძლოა უახლოეს დღეებში გაუარესდეს. სამხრეთ ევროპის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა კვლავ 40 გრადუს ცელსიუსს მიუახლოვდება, რაც ახალი ხანძრების გაჩენისთვის დამატებით პირობებს შექმნის.

ხანძრების ამჟამინდელი ტალღა ივნისის რეკორდულ სიცხეს მოჰყვა, რომელიც ევროპაში წელს ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო. ექსპერტების შეფასებით, ექსტრემალურ ტემპერატურას ათასობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

მსოფლიო ამინდის ატრიბუციის სამეცნიერო ჯგუფმა დაასკვნა, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი სიცხის ტალღა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების გავლენის გარეშე.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საშუალო ტემპერატურის მატება ახანგრძლივებს გვალვის პერიოდებს, ამცირებს ნიადაგისა და მცენარეულობის ტენიანობას და ამით ტყის მასშტაბური ხანძრების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები