“პუტინი შეცდა, ჩვენ მზად ვიყავით და ახლა თავისუფალი სამყარო მას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს” – ბაიდენი კონგრესში სიტყვით გამოვიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესში “ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ” ყოველწლიური ანგარიშით პირველად წარდგა. კონგრესში ეს გამოსვლა მიიჩნევა წლის მთავარ მიმართვად, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური აცნობს კონგრესის ორივე პალატას შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას და ასევე ასახავს თავის პოლიტიკის პრიორიტეტებს.

ბაიდენმა გამოსვლა დაიწყო მთავარი პოლიტიკური ამბებით: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე.

„ექვსი დღის წინ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, შეერყია თავისუფალი სამყაროს საფუძვლები, ის ფიქრობდა, რომ მას მუქარის ქვეშ დააჩოქებდა. მაგრამ ის ძალიან შეცდა”.

ბაიდენმა გამოხატა პატივისცემა და აღტაცება უკრაინელი ხალხის გამბედაობის მიმართ, რომელიც გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დიახ, ჩვენ, შეერთებული შტატები, უკრაინელ ხალხთან ვართ“.

„ჩვენი ისტორიის მანძილზე ვისწავლეთ, რომ როდესაც დიქტატორები არ იხდიან თავიანთ აგრესიაზე საზღაურს, ეს უფრო მეტ ქაოსს იწვევს. ისინი აგრძელებენ მოძრაობას – და ამ ქმედებების ღირებულება, საფრთხეები ამერიკისა და მსოფლიოს წინააღმდეგ, მზარდია”,- განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „პუტინის ომი იყო მიზანმიმართული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიის ძალისხმევა. მას ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო რეაგირებას არ მოახდენდნენ. და იფიქრა, რომ შეეძლო ჩვენში განხეთქილების შეტანა აქ, სახლში. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით. ჩვენ სიმართლე დავუპირისპირეთ რუსულ სიცრუეს. და ახლა თავისუფალი სამყარო მას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები