პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დაზიანებისკენ საჯარო მოწოდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას შეიცავს, გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელმა 1989 წელს დაბადებულმა ს.ჯ-მ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო, გამოძიების ფარგლებში დადგინდა მოწოდების ავტორის ვინაობა და ის გამოკითხვის მიზნით პოლიციის შესაბამის დანაყოფში არის დაბარებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.