ეს არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატულება თქვენი ქვეყნის მიერ ასეთ რთულ დროს. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მოსახლეობის და ქართული მხარის ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ დღეს ამას ვგრძნობთ, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა განაცხადა და იმ დახმარებებზე ისაურა, რაც საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ომის დაწყების დღიდან გასწია.
მისი თქმით, ამ მხარდაჭერას უკრაინული მხარე ხედავს და აფასებს.
„როგორც ცნობილია, ახლახან გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი 80 ტონის მოცულობით. თქვენ იცით, რომ ეს ჰუმანიტარული ტვირთი შედგებოდა სამედიცინო პრეპარატების, ასევე, წამლებისგან, რომლებსაც ძალიან საჭიროებს შეიარაღებული ძალები, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც ტერიტორიული თავდაცვა, ისე – ჩვეულებრივი მოქალაქეები. ცოტა ხანში ჩვენ ველოდებით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირების მიერ, ასევე საქმიანი წრეების, ბიზნესის წარმომადგენლების მიერ. იმედი გვაქვს, ეს არ იქნება ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენი მოძმე საქართველოსგან.
მინდა, მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი ჩვენი ქართველი მეგობრებისგან სოლიდარობისა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით. თქვენთვისვე თუ ცნობილია, რომ სადაზღვევო კომპანია „არბი“ უფასოდ აზღვევს ყველა უკრაინის მოქალაქეს, ვისაც არ შეუძლია, დაბრუნდეს სამშობლოში. „საქართველოს ბანკმა“ გახსნა ცალკე ანგარიში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ცოტა ხანში მოხდება ბრიგადების ფორმირება, რომელიც შედგება სამედიცინო პერსონალისგან და გაემგზავრებიან უკრაინაში შეიარაღებული და დაჭრილი მეომრების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად. ეს არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატულება თქვენი ქვეყნის მიერ ასეთ რთულ დროს. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მოსახლეობის და ქართული მხარის ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ დღეს ამას ვგრძნობთ, როგორც არასდროს“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.