“ტრაგიკული შეცდომა” – კინოპროდიუსერი ალექსანდრე როდნიანსკი უკრაინის მოვლენების შესახებ

რუსეთის ცნობილმა კინოპროდიუსერმა, კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრმა ალექსანდრე როდნიანსკიმ რუსული აგრესიის შესახებ გამოცემა Variety-თან ისაუბრა.

„ომს გამართლება არ აქვს! როგორც არ უნდა შეეცადონ, შეუძლებელია მისი აუცილებლობის ახსნა!“, – აღნიშნა მან.

გამოცემასთან ინტერვიუში ის მოყვა, თუ როგორ შეიტყო ომის დაწყების შესახებ. როდნიანსკმა თქვა, რომ გასულ ხუთშაბათს კიევიდან შვილმა დაურეკა და რუსული აგრესიის დაწყება ამცნო. კინოპროდიუსერი იხსენებს, რომ ამ დროს ის “აუტანელ სირცხვილს” და “უმძიმეს მწუხარებას” განიცდიდა.

„რა თქმა უნდა, ვფიქრობდი, რომ სიტუაცია შესაძლოა ამგვარად შემობრუნებულიყო, მაგრამ ახლაც არ მჯერა, რომ დღეს კიევში ჭურვები ფეთქდება. არ მჯერა, რომ კიევი, ჩემი მშობლიური ქალაქი, სადაც ჩემი ნათესავები, მეგობრები და კოლეგები ცხოვრობენ, სადაც ჩემი მშობლები, ბებია და ბაბუა არიან დაკრძალულები, დღეს იბომბება…ნადგურდება ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ და ვმუშაობ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, სადაც ჩემი ოჯახი და მეგობრები ცხოვრობენ.

მჯერა, რომ უკრაინელები ყველაფერს გადალახავენ…. დიახ, ეს გულწრფელი და მამაცი ხალხი ომს გაუმკლავდება, რადგან სამშობლოსთვის იბრძვის. მე ვიცნობ ბევრ რუსს, ჭკვიან და მგრძნობიარე ადამიანს, რომლებიც შოკში არიან ამ ფაქტის გამო…მათ ძალიან რცხვენიათ იმის გამო, რაც ხდება“, – ამბობს როდნიანსკი.

პროდიუსერმა დღევანდელ კრიზისსა და ავღანეთის ომს შორის პარალელი გაავლო, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1979 წელს დაიწყო.

„კარგად მახსოვს, როგორ აგვიხსნა საბჭოთა ხელისუფლებამ ავღანეთის ომის აუცილებლობა. ჩვენ მხოლოდ ათი წლის შემდეგ გავიგეთ, რომ ამას 15000 საბჭოთა ჯარისკაცი შეეწირა, მილიონი ავღანელი კი დაიღუპა…ეს იყო ტრაგიკული შეცდომა. ასეა დღეს ამერიკაშიც – ცოტას შეუძლია გაამართლოს თავისი ქვეყნის ომები ვიეტნამში, ერაყსა და ავღანეთში“, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე​ როდნიანსკი კიევში დაიბადა. ის ორჯერ იყო ოსკარის ნომინანტი ანდრეი ზვიაგინცევის ფილმებისთვის – „ლევიათანი“ და „უსიყვარულო“. კინოპროდიუსერმა კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტის კინო-რეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. მის შესახებ არაერთი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. როდნიანსკი დიდი ხნის განმავლობაში იყო უკრაინული ტელეარხის “1 + 1” გენერალური პროდიუსერი და მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები