ბიუროს წევრებმა სხდომაზე, უკრაინელი ხალხის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს და უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

ბიუროს წევრებმა სხდომაზე, უკრაინელი ხალხის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს და უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

პარლამენტის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგის განხილვამდე დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

სალომე სამადაშვილი: „მოგმართავთ ოპოზიციის სახელით, რომ ხვალ პლენარულ სხდომაზე, განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მოწვეული იქნას უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლჰოვი.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მივცეთ მას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, მივესალმოთ და გავამხნევოთ უკრაინელი ხალხი იმ ურთულეს ვითარებაში, როდესაც ისინი საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად იბრძვიან”.

ხათუნა სამნიძე: „მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას რუსული პროპაგანდისტული სახელმწიფო არხების მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ომი არ არის სამხედრო ინტერვენცია, ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, არის საინფორმაციო ომი და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მოძლიერდა რუსული პროპაგანდა სხვადასხვა არხების მხრიდან”.

ხატია დეკანოიძე: „უკრაინა დღეს აკეთებს მოთხოვნას ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე. ეს არის ისტორიული, გადამწყვეტი მომენტი. გთავაზობთ პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე კი არ ვისაუბროთ, არამედ ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ დღეს – როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას თავისუფლების ბრძოლაში და რა უსაფრთხოების გამოწვევები ელის ჩვენს ქვეყანას, როგორია ეკონომიკური თუ უსაფრთხოების გავლენა და იმპლიკაციები საქართველოზე და ზოგადად, დაჩქარებული წესით სასწრაფოდ განვიხილოთ საქართველოში ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხი ისევე, როგორც ეს ამას აკეთებს უკრაინა”.

ნიკოლოზ სამხარაძე: „თქვენ არც უკრაინა არ გადარდებთ, არც მშვიდობა უკრაინაში. ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ დადგათ შოუები და იაფფასიანი სპექტაკლები. ყველაფერი, რაც აქ ხდება, ვიწროპარტიული პოლიტიკური ქულების დაწერისთვისაა გაკეთებული. თქვენ რომ ეს გაინტერესებდეთ, გაიგებდით, რას ვაკეთებთ და მხარდაჭერას მაინც გამოხატავდით საჯაროდ იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველომ გადადგა საერთაშორისო პლატფორმებზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც განსაზღვრავენ დღის წესრიგს მსოფლიოში. თუ ჩვენ საქმიანი დისკუსია გვინდა, უკრაინის ელჩს შევხვდეთ ყველა ერთად თუმცა, ამ სპექტაკლების გარეშე”.

გივი მიქანაძე: „გუშინაც გაცხადდა საჯაროდ რა მიზნები აქვს ოპოზიციას, როგორც ცდილობენ, ემოციის ფონზე საზოგადოების ტალღის აგორებას და ამის ფონზე ხელისუფლების წინააღმდეგ გარკვეული ვექტორების გადმოტანას. ყველამ კარგად ვიცით ქვეყანა რა გამოწვევების, რისკების და საფრთხეების წინაშე დგას. შესაძლებლობების ფარგლებში ვდგამთ ყველა ნაბიჯს. ეს იქნება საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური მხარდაჭერა რომელშიც თქვენ არ იღებთ მონაწილეობას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჰუმანიტარული დახმარება გავწიოთ. ვაცხადებთ იმას, რომ მზად ვართ უკრაინიდან ლტოლვილები მივიღოთ. საქართველოს მხრიდან დაფიქსირებულია მაქსიმალური პოზიციები. თქვენ გინდათ კონკრეტული საკითხები ისე წარმოაჩინოთ, რომ ქულები დაიწეროთ. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება ერთობლივი პოზიცია გამოვხატოთ როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე და საშიშროებაზეა საუბარი. მოგიწოდებთ, მაქსიმალური სიფრთხილე, კონსტრუქციულობა და ერთიანობა გამოვიჩინოთ იმისთვის რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ის რომ ჩვენ პოლიტიკურად გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და იქ მიმდინარე მოვლენებს – ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს”.

შალვა პაპუაშვილი: „ბოლო დღეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად ხელისუფლების, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანიას. როდესაც ებრძვით სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხელისუფლებას, ეს არის სწორედ პირველი ნიშანი იმისა, რომ გსურთ მოარყიოთ სახელმწიფო. სამწუხაროა, რომ ამაში მონაწილეობენ ჩვენი კოლეგებიც. ყველას მოგიწოდებთ რომ ვიყოთ ძალიან მტკიცე და ამავდროულად ძალიან მშვიდი. ხვალინდელი პლენარული სხდომა უნდა იყოს სოლიდარობის, სიმშვიდის და სიმტკიცის სხდომა”. განცხადებების დასრულების შემდეგ ბიუროს სხდომაზე, მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა. განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები