დავით ზალკალიანი: უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ დავაფიქსირეთ

“ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ეს ძალიან კარგად იყო გაგებული და მიღებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყოველთვის სოლიდარული იყო.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში და მანამდეც, სანამ აგრესია დაიწყებოდა ჩვენი მოძმე უკრაინის მიმართ, საქართველო მუდმივად იყო უკრაინის სოლიდარული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ამაზე მეტყველებს უამრავი ნაბიჯი და ქმედება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მხარდასაჭერად. ეს იყო გამოხატული არა მხოლოდ ჩვენს განცხადებებში, არამედ – იმ პოლიტიკურ ინიციატივებში, რომელიც მოდიოდა ამერიკელი, ევროპელი და სხვა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. ბოლო დღეების განმავლობაში, მე, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი მუდმივად კომუნიკაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ასევე მთელი ამ დღეების განმავლობაში მუდმივად კავშირზე ვარ ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან, 3-4 ზარი იყო ჩვენს შორის და მანამდე მიუნხენში გვქონდა შეხვედრა, რა დროსაც მოსალოდნელი საფრთხეები და იქ მიმდინარე მოვლენები განვიხილეთ. ყველა ამ შეხვედრის ლაიტმოტივი არის უკრაინაში შექმნილი უმძიმესი სიტუაცია, ომი, აგრესია, რომელიც განხორციელდა უკრაინის მიმართ. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ეს ძალიან კარგად იყო გაგებული და მიღებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები