ჭარაია: საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა წაუყენოს არა იმისთვის, რომ თვითზიანი მიიღოს, არამედ იმისათვის, რომ რუსეთს მიაყენოს დარტყმა

„საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა წაუყენოს არა იმისთვის, რომ თვითზიანი მიიღოს, არამედ იმისათვის, რომ რუსეთს მიაყენოს დარტყმა“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჭარაიამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები შეაფასა.

„განცხადება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში არ მონაწილეობს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი განცხადებაა, რადგან საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში სხვადასხვა კუთხით აქტიურადაა ჩართული. ხაზი გავუსვათ იმას, რომ სანქციები არსებობს როგორც ეკონომიკური, ასევე, არაეკონომიკურიც. საქართველოს შეუძლია, რუსეთს ეკონომიკური სანქციები წაუყენოს და შეუძლია, მაგალითად, სპორტული, კულტურული სანქციების ნაწილი იყოს. შეიძლება, ეს იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წევრობასთან, მის გარიცხვასთან დაკავშირებული სანქციები და ა.შ. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკური სანქციებს: თუ საქართველო არ არის საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩვენ ვერ ვიხილავდით VTB Bank -ის საქართველოდან გასვლას. ეს და კიდევ მრავალი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთადაა ჩართული. რაც საქართველოს ამ შემთხვევაში განასხვავებს სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც ამ კუთხით უფრო აქტიურები არიან, არის ის, რომ საქართველო ამა თუ იმ სანქციის ინიციატორი არ გახვალთ, არამედ, საქართველო სხვადასხვა სანქციას უერთდება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა გამოყენებული. ეს ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა. შეიძლება, ვინმეს სურდეს, რომ საქართველომ უფრო მეტი მოქმედება გამოიჩინოს,

თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა წაუყენოს არა იმისთვის, რომ თვითზიანი მიიღოს, არამედ იმისათვის, რომ რუსეთს მიაყენოს დარტყმა. ის ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც რუსეთთან გვაქვს, სამწუხაროდ, ფართომასშტაბიანად ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. თუ საბოლოო ჯამში, რუსეთს SWIFT-იდან ჩახსნიან, საქართველო ამის გამზიარებელიც იქნება. საქართველო ამას თავს ვერ და არ აარიდებს, ისევე როგორც თავი არ აარიდა vtb ბანკის შემთხვევაში. ჩვენ, ისევე როგორც დანარჩენ სამყაროს, SWIFT-იდან , რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საფინანსო პლატფორმაა, რუსეთის გარიყვა მოგვიწევს. ჩვენ ვართ და დარწმუნებული ვარ, სანქციების ნაწილში რუსეთის წინააღმდეგ მომავალშიც ვიქნებით, ამასთან ერთად, ვიქნებით უკრაინის მხარდამჭერები არა მარტო სიტყვიერად, არამედ – ქმედებითაც.

მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს საფინანსო ურთიერთობა რომ დაუბლოკოს, ამით რუსეთი არაფერს დაკარგავს.

„მაგალითისთვის ავიღოთ საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობა, ინვესტიციები , ფულადი გზავნილები ლ, რომელზეც მოწოდებებია, რომ საქართველომ მეტად იაქტიუროს.
შარშან რუსეთიდან იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ დაახლოებით 420 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. ჩვენ რომ რუსეთს საქართველოსთან საფინანსო ურთიერთობა დავუბლოკოთ, ამით რუსეთი არაფერს დაკარგავს, დაკარგავს საქართველო და ათეულობით ათასი ოჯახი, რომელიც იმ ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. ამით რუსეთს ვერ დავაზიანებთ. იგივე ვაჭრობასთან მიმართებით: შეგვიძლია, რუსეთიდან იმპორტი ავკრძალოთ, საქართველოდან რუსეთში კი ექსპორტი. იმპორტის აკრძალვა რუსეთიდან რას ნიშნავს – ჩვენ რუსეთის ბაზრიდან ბევრ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული, მაგალითად, ხორბლის შემთხვევა. პური გაძვირდება.

სწორად რომ გამიგოს მაყურებელმა: მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა გამოვიყენოთ, უნდა გამოვიყენოთ, თუმცა, იმ ასპექტებში არა, სადაც ზიანს ჩვენ, თავად მივიღებთ და ამით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ. სწორი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ გვინდა, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, ამისთვის უამრავი სხვა პლატფორმა არსებობს, სადაც საქართველოს შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედოს და უკვე ჩართულია. მაგალითად ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცვხის, VTB ბანკის საქართველოდან გაგდების, ევროვიზიიდან რუსეთის ჩახსნის, თუ მსგავსი სხვა საკითხები, რომელიც უკვე განხორციელდა. ამასთან ერთად ჯერ კიდევ უზარმაზარი რესურსია და ვალდებულებაც გვექნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას შევუერთდეთ, როგორც კი მეტ აქტიურობას გამოიჩენენ. SWIFT-იდან რუსეთის გამორთვა ერთ-ერთი ასეთი სოლიდური ნიშანი იქნება. SWIFT-იდან რუსეთის გამორთვას რაც შეეხება: სამწუხაროდ, ჯერჯერობით დასავლეთი ვერ თანხმდება რუსეთის ამ პლატფორმიდან ჩახსნაზე და მხოლოდ 5 ბანკზე იყო საუბარი. ეს არაფერს გვაძლევს, რადგან ამ 5 ბანკს დანარჩენი დაახლოებით 340 ბანკი ჩაანაცვლებს, რომელიც რუსეთშია“, – განაცხადა ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები