ბოლო დღეების განმავლობაში მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს და მანიპულირებას, მათ შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რაც 2008 წელს საქართველოს დაატყდა თავს.
“ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული თუ ადამიანური ჩვენი უკრაინელი ძმების მიმართ. ის რაც ხდება უკრაინაში ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას ეძებენ და ხედავენ. მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერმა.