გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა მეხუთე კოლონად
“ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” მეხუთე კოლონად ჩამოყალიბდა, რომელსაც არ აინტერესებს არც საზოგადოება და არც ქვეყნის მომავალი.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ბომბავდა ცხინვალს.
„სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა მეხუთე კოლონად. ეს არის ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ერთადერთი ინტერესია პირადი და ვიწრო პარტიული დღის წესრიგი. არც ქვეყანა, არც საზოგადოება, არც საქართველოს მომავალი მათ არ ადარდებთ. მათ იციან, რა რისკების წინაშე ვდგავართ. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათ არა მხოლოდ უგუნური ნაბიჯები გადადგეს, რითაც რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს, არამედ ამ საომარი ქმედებებიდან 2 თვის თავზე ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რომელშიც წერია, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი და კასეტური ბომბებით ბომბავდა ცხინვალს. ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, ხოლო ის პოპულისტური ნაბიჯები, რითაც ისინი გარკვეული პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, იქნება უშედეგო იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება მეათე წელია, პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხებს. ჩვენი მთავარი ამომავალი წერტილი არის თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა მიქანაძემ.