უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები უნდა მიიღოს, მათ შორის, რუსეთისგან.
ამის შესახებ მან კიევში პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომლებიც უკრაინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს მისმა ლიეტუველმა და პოლონელმა კოლეგებმა დიდი ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების არქიტექტურას მსოფლიოსა და ევროპაში.
“ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ არქიტექტურას სჭირდება განახლება. ძალიან ვისურვებდი, რომ უკრაინა ამ არქიტექტურულ კომპლექსში ჩანდეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საიდუმლო არ არის, რომ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს.
“და ჩვენ ნათლად გვესმის – არ არსებობს ილუზია, რომ უკრაინა დღეს არ არის უსაფრთხოების არცერთ ალიანსში. ჩვენ თავს თვითონ ვიცავთ პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ იღუპებიან უკრაინელები. ამიტომ, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები – ნათელი, კონკრეტული, უკვე ახლა. ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, რომ შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი სახლები და არა მხოლოდ საკუთარი თავი. ძალიან აუცილებელია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ის ფაქტი კი, რომ დღეს საზღვარზე 150 000 რუსი ჯარისკაცი გვყავს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებია – მიმაჩნია, რომ რუსეთი უნდა იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს იძლევიან. ეს საიდუმლო არ არის. ბევრჯერ შევთავაზე რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და საუბარი. იმიტომ, რომ ეს არის დიალოგის საკითხი და არა პირობების საკითხი და მსგავსი რამ. მე ასე ვფიქრობ”.