“ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვან ტრაგიკული შეცდომების გამეორება, რომლებიც საქართველოში 2008 წელს დაუშვეს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთი უკრაინის შემდგომი სამხედრო აგრესიისთვის იურიდიულ საფუძველს ქმნის.

ამის შესახებ მან ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ესტონეთსა და უკრაინას საერთო ხედვა აქვთ, რომ რუსეთის ესკალაცია უკრაინის გარშემო უპრეცედენტო გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ – ევროპისა და მთლიანად მსოფლიოსთვის.

“სწორედ უკრაინაში წყდება დღეს ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა“, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ევროპამ და მსოფლიო არ უნდა დაუშვან ტრაგიკული შეცდომების გამეორება, რაც საქართველოში 2008 წელს დაუშვეს”.

“ესტონეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ საჭიროა, დაუყონებლივ დაწესდეს სანქციები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მორიგი აქტის გამო. ეს სანქციები უნდა მოიცავდეს “ჩრდილოეთ ნაკად- 2″-ის სრულ გაჩერებას”, – დასძინა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას სჭირდება გაძლიერებული მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან თავდაცვის შესაძლებლობებსა და ეკონომიკურ სტაბილურობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები