არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა
ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. 35 წლის ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა. დასახლებაში 2018 წელს, ერთ-ერთი მორიგი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული რეგიონის ე.წ.-მა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.