საქსტატი: 2022 წლის იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს, 49.6 მლნ. აშშ დოლარით ბულგარეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 46.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 42.7 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 141.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 85.9 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 75.2 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ანგრიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 66.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 36.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით. ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მიმდინარე წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 80.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 72.7 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 64.0 მლნ. აშშ დოლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები