ლევან იზორია: პრემიერმინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და ურყევ პოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და ურყევ პოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ განაცხადა.
ელჩის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პრემიერმინისტრს დაგეგმილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. „გამოვყოფდი სამხრეთ კავკასიის ფარგლებში პრემიერმინისტრის სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას, ასევე გეგმებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებასთან.
პანელზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროექტები ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთთან და დისკუსიაში ჩართული იქნებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით, გამოვყოფ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ეუთოს გენერალური მდივნის მონაწილეობას. რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი, როგორც გლობალური, რეგიონული, ისე ორმხრივი შეხვედრების ასპექტები, მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.